ახალი ამბები

მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს უკრაინას ბრიტანეთიც გადასცემს

2 ივნისი, 2022 • 1279
მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს უკრაინას ბრიტანეთიც გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს უკრაინას გაერთიანებული სამეფოც გადასცემს.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.

UK-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ M270 სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმა, რაც „მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ძალებს“.

„როგორც რუსეთის ტაქტიკა იცვლება, ასევე, უნდა შეიცვალოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები საშუალებას მისცემს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკეთესად დაიცვან თავი რუსეთის მიერ შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის სასტიკი გამოყენებისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებდნენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად“, — განაცხადა ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები დიდ ბრიტანეთში გაივლიან წვრთნას, თუ როგორ გამოიყენონ M270-ის სისტემები.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ეს ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, მიეწოდებინა უკრაინისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა „ძალიან ნეგატიურ ნაბიჯად“ შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისთვის HIMARS-ის მიწოდების შესახებ.

პენტაგონმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე უკრაინას HIMARS-ის 4 სისტემას მიაწვდის და აქვს დაპირება, რომ ისინი არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.

„უკრაინა იცავს თავის ტერიტორიას. რასაც ისინი აკეთებენ უკრაინის ტერიტორიაზე, ამ კონტექსტში თავდაცვითია“, — განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.

რას წარმოადგენს HIMARS და M270 სისტემები?

მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემებს — M-270 MLRS ან HIMARS — შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

HIMARS და MLRS უზრუნველყოფენ მსგავს შესაძლებლობებს და დიაპაზონს, მაგრამ HIMARS არის მსუბუქი ვერსია, რომელიც მოძრაობს ბორბლიან შასიზე და საათში 50 მილს ავითარებს. MLRS მოძრაობს ლიანდაგზე და შედარებით ნელა. HIMARS-ს შეუძლია ექვსი რაკეტის გასროლა ერთდროულად, ხოლო MLRS-ს — 12-ის გაშვება.

უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე იყენებენ აშშ-ის მიერ მიწოდებულ M777 ჰაუბიცებს, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 25 კმ-ია, მაგრამ მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემები მათ საშუალებას მისცემს, მისწვდეს უფრო შორ სამიზნეებს, რასაც კიევი ჯერ კიდევ მარიუპოლის ალყიდან მოყოლებული და შემდეგ დონბასში გადამწყვეტი ბრძოლებისას ითხოვდა. დასავლეთში შიშობდნენ, რომ უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი მოქმედი შეიარაღების მიწოდება, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, კონფლიქტის მეტ ესკალაციას და მოსკოვის არაპროპორციულ რეაქციას გამოიწვევდა. BBC-ის თანახმად, უკრაინის შედარებით მცირე რადიუსის რაკეტებით შეზღუდვა შეიძლება იყოს გზა დასავლეთისთვის, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია. აშშ-მაც და დიდმა ბრიტანეთმაც განაცხადეს, რომ უკრაინას 80 კილომეტრ მანძილზე მოქმედ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გადასცემენ.

ზელენსკიმ ჩამოთვალა შეიარაღება, რომელიც უკრაინას გამარჯვებისთვის სჭირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი