ახალი ამბები

სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება- სააკაშვილი

1 ივნისი, 2022 • 1370
სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება გუშინ, 31 მაისს, როტერდამში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ყრილობას, სადაც თავადაც იყო მიწვეული.

იმის გამო, რომ სააკაშვილი ყრილობას თავად ვერ დაესწრო, მისი მიმართვა EPP-ს თავმჯდომარის რანგში დონალდ ტუსკმა წაიკითხა, ხოლო სააკაშვილისთვის სკამი  ყრილობაზე სიმბოლურად მაინც განკუთვნილი იყო.

„პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა.

ის, რაც გუშინ მოხდა როტერდამში ჩემთან მიმართებით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის (და მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და უკრაინის მოქმედი თანამდებობის პირი ერთდროულად). ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი ასევე ეხმაურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და აცხადებს, რომ უადგილოა პარალელის გავლება თურქეთთან, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 1999 წლიდანაა.

„ჩემი პოზიცია დღესავით ნათელია – მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, მიუხედავად ჩვენი უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ხდებოდა, საკმაოდ მალე გახდა ევროკავშირის წევრი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი!“ – აცხადებს სააკაშვილი.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი