ახალი ამბები

თუ პუტინი ჩვენ დაჩაგვრას გადაწყვეტს, აზრს ვერ შეაცვლევინებთ – ელისაშვილი პრემიერს

27 მაისი, 2022 • 831
თუ პუტინი ჩვენ დაჩაგვრას გადაწყვეტს, აზრს ვერ შეაცვლევინებთ – ელისაშვილი პრემიერს

პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, აღიაროს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, დამაზიანებელი განცხადება გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით. ის ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის სიფრთხილეს გავლენა ვერ ექნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაძლო გადაწყვეტილებაზე საქართველოში შეჭრის შესახებ.

„შეცდომის აღიარება, ჩემი აზრით, არის ყველაზე დიდი ღირსება. ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვას, რაღაც არასწორად გამომივიდა ან რაღაც არასწორად ვთქვიო, ეს სისუსტედ კი არ ჩაეთვლება, – პირიქით, ძალიან ღირსეულად ჩაეთვლება“, – ასე მიმართა ელისაშვილმა პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს.

„თქვენი განცხადება სანქციებთან დაკავშირებით იუნკერთა მემორიალთან კოჯორში იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩემ თვალში მართლა ძალიან გაიზრდებოდით და დაგაფასებდით, თუ იტყოდით, „არ გამომივიდა ისე, როგორც უნდა მეთქვა, უშნოდ გამომივიდა“. ადამიანები ვართ ყველანი.

არც თქვენ დაბადებულხართ პრემიერ-მინისტრად, არც მე დეპუტატად, ვართ ადამიანები რა სტატუსიც არ უნდა გვქონდეს. ამდენად, ძალიან მესიამოვნებოდა თქვენგან ამის აღიარება და თქმა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. თქვენმა ამ ფრაზამ ძალიან გააფუჭა უკრაინასთან ურთიერთობა, არ ხართ რიგითი კაცი, პრემიერ-მინისტრი ხართ, ქვეყანაზე გაქვთ პასუხისმგებლობა, ძალიან დაძაბა ურთიერთობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციასთან, რაც „ზედმეტად ფრთხილად“ შეაფასა:

„აშკარად ფრთხილობთ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ზედმეტად, – და არ გინდათ გააღიზიანოთ რუსები და ამდენად, სულ ისეთ მანევრებს აკეთებთ განცხადებებშიც, ქმედებებშიც, თუმცა აქ ერთი რამ გავიწყდებათ, რაც არის ხელისუფლების დიდი შეცდომა: თქვენ რაც არ უნდა ქნათ, რაც არ უნდა თქვათ, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს და დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, ამ აზრს ამ ბოროტს კაცს, პუტინს, ვერავინ შეაცვლევინებს. ვერც თქვენი ნათქვამი და ვერც თქვენი ქმედება“.

ამდენად, ელისაშვილის აზრით, საქართველო ხელიდან უშვებს ძალიან დიდ შესაძლებლობას, „ერთი მხრივ, მეგობრებს მივცეთ ის შეიარაღება, რასაც ითხოვენ და, მეორე მხრივ, მივიღოთ დასავლური შეიარაღება“.

დეპუტატმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რაც მისი აზრით, საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რომელთა შორის დაასახელა, „სულ მცირე“, არალეტალური საშუალებების გაგზავნა უკრაინისთვის:

„ვიცი, ამას არ იზამთ, მაგრამ, სულ მცირე, შეგვიძლია არალეტალური რამ მივაწოდოთ, თუნდაც ის რასაც ვაწარმოებთ, – ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები, დაჯავშნული სასწრაფო საევაკუაციო მანქანა“.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი მთავარი საყვედური მთავრობის მიმართ შემდეგია:

„[თქვენი არგუმენტი, რის გამოც] არ აღიზიანებთ [რუსეთს, არის ის, რომ], „ასეთი სუსტები ვართ“. და რატომ ვართ ასეთი სუსტები და ასეთი დაუცველები? 10 წელია ხელისუფლებაში ხართ. მეორედ ხართ პრემიერი. თუ სახელმწიფო ვართ, ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუნდაც სტიქიური უბედურებისთვის. ამ ფონზე, სამოქალქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რატომაა ასე მოშლილი? გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა, თავშესაფრები, მარაგები? ასე არხეინად რატომ ვართ? რის იმედად ვართ? პუტინი რომ დილით  ცუდ ხასიათზე არ გაიღვიძებს, ამის იმედად? არ უნდა ვიყოთ ასე არხეინად“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯერჯერობით არ უპასუხია ალეკო ელისაშვილისთვის. პარლამენტის სხდომა დეპუტატების გამოსვლებითა და კითხვებით გრძელდება.


პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა პარლამენტში, რომ საქართველოს უკრაინისთვის საბჭოთა იარაღის მიცემით თავისი თავდაცვის ძალების ეფექტიანად გადაიარაღება შეუძლია.

„შეგვიძლია გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის სამედიცინო მანქანა „მედევაკები“. პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს რამით დავეხმაროთ უკრაინას. სურვილს კი არა,  იქით ლანძღავთ ზელენსკის“, —განაცხადა ელისაშვილმა.

ამაზე პასუხად „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა, „ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს“.

„საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა“, – თქვა სუბარმა.

ალეკო ელისაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე გაემგაზვრა უკრაინაში საბრძოლველად და რამდენიმე კვირის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი