ახალი ამბები

სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა — ღარიბაშვილი

27 მაისი, 2022 • 642
სანქციების ასარიდებლად საქართველოს გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ქვეყანა არ მისცემს არცერთ კომპანიას ან კერძო პირს საშუალებას, საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებისთვის გამოიყენოს.

„ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩვენ არ მივცემთ, არცერთ სანქცირებულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს, რომ გამოიყენოს საქართველო სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

არცერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება როგორც ოპოზიციის, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინტერესები მოქმედებენ დასავლეთის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს საბაჟო კონტროლს, რა დროსაც კონტროლდება სამხედრო, ორმაგი დანიშნულების, ან ნებისმიერი სხვა სანქცირებული პროდუქციის რუსეთში რეექსპორტი.

დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი მიიღო.

სანქციები შეეხო რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ოლიგარქებს, რუსულ კომერციულ ბანკებს, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას და სხვა სფეროებს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი