ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის დაპირების არ სჯერათ

27 მაისი, 2022 • 3514
ცხინვალში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის დაპირების არ სჯერათ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის 26 მაისს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ზურაბიშვილმა ქართული სახელმწიფოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავდასხმის საფრთხის არ არსებობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მედოევი ამბობს, ზურაბიშვილის განცხადებამ მას ერთი ქართველი სახელმწიფო მოღვაწის [სააკაშვილის] დაპირება გაახსენა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, რომ თავს არ დაესხმებოდა ის “სამხრეთ ოსეთს”.

“მაშ, რას უნდა ველოდეთ ქალბატონი ზურაბიშვილის მსგავსი განცხადებიდან ამჯერად” – ამბობს მედოევი.

“საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ოსი მოქალაქეები, მართლაც, შესაძლოა, არ გახდნენ ქართული ბაირაქტარების დაბომბვის მსხვერპლი, თუმცა თუ ქალაბატონმა ზურაბიშვილმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იგულისხმა თავის განცხადებაში, აქ შეცდომაა, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეები არ ცხოვრობენ და ეს საყოველთაოდ ცნობილია”.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო „ომითა და ძალით“ ტერიტორიების დაბრუნებას არ აპირებს.

ოკუპირებული ტერიტორიების ძალით დაბრუნებას არ ვაპირებთ — ზურაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი