ახალი ამბები

„მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა“ – ილია II კირილეს

27 მაისი, 2022 • 2127
„მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა“ – ილია II კირილეს

მოსკოვის საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს 24 მაისს კირილობა მიულოცა.

წერილში, რომელიც 24 მაისსვე გამოაქვეყნა მოსკოვის საპატრიარქომ, ილია II მეორე კირილეს სწერს:

„თქვენო უწმიდესობავ, მიიღეთ ჩვენი გულითადი მოლოცვა თქვენი [ანგელოზის დღესთან დაკავშირებით].

წმიდა … კირილესა და მეთოდეს ლოცვით, ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს … მსახურებაში“.

წყარო: მოსკოვის საპატრიარქო

[ანგელოზის დღეს უწოდებენ იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს. წმინდა კირილე IX საუკუნის ბერი იყო თესალონიკიდან, რომელსაც სლავური ანბანის, კირილიცას შექმნას უკავშირებენ].

რამდენიმე კვირით ადრე, 16 აპრილს, ილია II-ს პატრიარქმა კირილმა ბერად აღკვეციდან 65 წლისთავი მიულოცა.

მოგვიანებით, 13 მაისს, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე კირილეს მილოცვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებული ახალი პრეზიდენტისადმი, რაზეც საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ „გაუგებრობას ბადებს“.

კირილე უკრაინის ომზე

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეჭრის მიუხედავად, რუსეთის პატრიარქი კირილე აცხადებს, რომ რუსეთი „არასდროს არავის დასხმია თავს და არავისთან სდომებია ბრძოლა“.

კირილემ წმინდანებს სთხოვა, რუსეთის „წმინდა საზღვრები“ ურყევი დარჩეს, რუს ხალხს კი საკმარისი „სიბრძნე, გამძლეობა და ღირსება მიანიჭოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ საზღვრების დასაცავად“.

24 თებერვალს რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შეუტია როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი, მილიონობით ლტოლვილად იქცა, მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ილია II უკრაინის ომზე

ილია II-მ 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს, ტვიტერზე დაწერა, რომ „უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა“.

მოგვიანებით, 16 მარტს, ილია II-მ განაცხადა, რომ „უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი