ახალი ამბები

ზურაბიშვილს მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს, ნამუსს სწმენდს რეჟიმს – ბოკერია

26 მაისი, 2022 • 586
ზურაბიშვილს მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს, ნამუსს სწმენდს რეჟიმს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას ჯერჯერობით მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯები არ გადაუდგამს და ბიძინა ივანიშვილის „სახიფათო რეჟიმის ნამუსის მოწმენდითაა დაკავებული“.

„საქართველოს სჭირდება ქვეყნის შიგნით გზავნილის მიტანა ყველა მოქალაქისთვის, ვინც არაა მკაფიოს პოზიციაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს რეჟიმი ჩვენი მომავლისთვის და ქვეყნის გარეთაც მკაფიო სურათის დახატვა, ხოლო ზურაბიშვილს ამ მიმართულებით მკაფიო ნაბიჯები არ გადაუდგამს“ – განაცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ვითარება საქართველოში გაცდა იმ საზღვარს, როდესაც მიკიბვმოკიბვით ან იგავურად საუბარი რაიმეს მომტანი იყოს“, – განაცხადა მან.

„მკაფიო პოზიციას უნდა მოჰყვეს მკაფიო ნაბიჯები და პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ჯერ ჩვენ ეს არ გვინახავს. აკეთებს ხოლმე რაღაც მინიშნებებს და შემდეგ საპირისპირო მინიშნებებიც მოჰყვება ხოლმე მისი მხრიდან. ჩვენ გვახოვს მისი ნორმალური გზავნილი ხელისუფლების სამარცხვინო, პუტინისტურ პროპაგანდასთან მიმართებაში რუსეთის უკრაინაში აგრესიის საკითხზე, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მან დაიცვა ქართული ოცნება, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენო“, – უთხრა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

ბოკერიას თანახმად, „სანამ პრეზიდენტის პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრული არ გახდება, შემდეგ ამას არ მოჰყვა ნაბიჯები ამ რეჟიმის მიმართ, – რაც მას ხელეწიფება ნებისმიერი მიმართულებით, მაგალითად პოლიტიკურად დევნილი გვარამიას ან სხვების შეწყალება, ასევე სხვა საკითხებშიც ნაბიჯები, – არ აქვს აზრი“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, 26 მაისს, ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას სასამართლო გააკრიტიკა, ასევე განაცხადა, რომ „უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი