საზოგადოება

EU-სკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელების სისხლითა და ტანჯვით არის მიღწეული — ზურაბიშვილი

26 მაისი, 2022 • 973
EU-სკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელების სისხლითა და ტანჯვით არის მიღწეული — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დღეს, 26 მაისს, უკრაინაში დაღუპულ  მეომრებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას.

ზურაბიშვილის თქმით,  ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი სწორედ უკრაინელი ხალხის დამსახურებაა და მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეულია.

„ამ უდიდეს ისტორიულ შანსთან ერთად საქართველო არანაკლები გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეში განვლილ ომებსა და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, ჩვენ გვევალება უკრაინელი ხალხის ტკივილის არამხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა. ჩვენ ვიცით სოლიდარობის ფასი და ძალა და ამის ნიშანია ის, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას.

ისიც კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა აჩვენეს მსოფლიოს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი. პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ესენი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის  და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული.

ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ ევროპულ მომავალს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. აღნიშნულს მალევე მოჰყვა პროცესის გააქტიურება საქართველოსა და მოლდოვისთვის. ორივე ქვეყანამ ასევე წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საქართველო ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა.

რამდენიმე კვირაში ცნობილი უნდა გახდეს, ევროკავშირი რა პასუხს გასცემს ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.

მასალების გადაბეჭდვის წესი