ახალი ამბები

ევროკავშირისგან ველით ბრძნულ, შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას – პრემიერი

26 მაისი, 2022 • 554
ევროკავშირისგან ველით ბრძნულ, შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირისგან ელის ეევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„დღეს საქართველო ევროპისგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და, რაც მთავარია სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტოირული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა და მას შემდეგ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი განცხადებით, საქართველო „ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“.

„ყოველთვის ხაზგასმის აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც“, – განაცადა მან.


უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. აღნიშნულს მალევე მოჰყვა პროცესის გააქტიურება საქართველოსა და მოლდოვისთვის. ორივე ქვეყანამ ასევე წარადგინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საქართველო ამის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდა.

რამდენიმე კვირაში ცნობილი უნდა გახდეს, ევროკავშირი რა პასუხს გასცემს ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი