ახალი ამბები

აპრილში „ბასლეინზე“ მანქანის გადასვლის 5510 ფაქტი გამოვლინდა – მერია

25 მაისი, 2022 • 1058
აპრილში „ბასლეინზე“ მანქანის გადასვლის 5510 ფაქტი გამოვლინდა – მერია

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში საავტობუსე ზოლებზე („ბასლეინებზე“) პირადი ავტომობილებით გადაადგილების და უკანონო პარკირების 5510 ფაქტი გამოვლინდა.

„ბასლეინებზე“ ავტომობილების გადაადგილება და პარკირება ამჟამად 100-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

თუკი ყველა გამოვლენილ შემთხვევაში მოხდა ავტომობილის მძღოლების დაჯარიმება, მხოლოდ აპრილში ამ ჯარიმების რაოდენობა 551 000 ლარს შეადგენდა.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გეგმით, თბილისში უნდა იმოქმედოს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის 𝟑-იერარქიანმა სქემამ, რომელიც მოიცავს:

  • 𝟏𝟎 ძირითად დერეფანს;
  • მის მკვებავ ლოკალურ მარშრუტებს;
  • დამატებით მკვებავ საუბნო მარშრუტებს;

„პროექტის ფარგლებში 𝟏𝟎 ძირითად გზასავალზე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები“, – კიდევ ერთხელ აცხადებს სააგენტო.

თბილისის მერის ყოფილი მოადგილის, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ინფორმაციით, „ბასლეინები“ ჯერჯერობით თბილისის გამზირების დაახლოებით 10-15%-ზეა მოწყობილი.

პარლამენტი ამჟამად მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიღების შემდეგაც [მხოლოდ] ტაქსებს ექნებათ უფლება, „ბასლეინებზე“, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, მგზავრთა ჩასმა-აყვანის მიზნით გაჩერდნენ.

გირჩევთ ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი