ახალი ამბები

რუსეთი უკრაინაში საბჭოთა ძველ ტანკებს აგზავნის

25 მაისი, 2022 • 2065
რუსეთი უკრაინაში საბჭოთა ძველ ტანკებს აგზავნის

უკრაინული მედიის და გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მოძველებული საბჭოთა Т-62 ტანკების გადასროლა დაიწყეს.

„საბრძოლო დანაკარგების შედეგად, მტერი იძულებული გახდა, საწყობიდან გამოეყვანა T-62 ტანკები, რათა აღჭურვოს სარეზერვო ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა უკრაინაში გასაგზავნად. გარდა ამისა, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგების შესავსებად გამოიყენება დაზიანებული და გარემონტებული აღჭურვილობა“, — აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

T-62 ტანკების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

„ოკუპირებული მელიტოპოლი. რუსები ფრონტზე საბჭოთა პერიოდის ტანკებს აგზავნიან. მაინტერესებს, რამდენად კარგად გამოდგება ეს თუნუქის ქილა თანამედროვე ანტისატანკო სისტემების წინააღმდეგ“, — წერენ Twitter-ზე.

„უნიანის“ ცნობით, რუსეთის მიერ T-62 ტანკების საბრძოლო გამოყენება ბოლოს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის დროს დაფიქსირდა.

ჯერ კიდევ 2013 წელს რუსული მედია წერდა თავდაცვის სამინისტროს განზრახვაზე T-62-ის უტილიზაციის შესახებ, რადგან მათი შენახვის ღირებულება სარგებელზე მაღალია და ამ ტანკის ლულის შესაბამისი საბრძოლო მასალა საწყობებში არ არის.

Т-62 არის საბჭოთა საშუალო ტანკი, რომელიც შექმნილია T-55-ის ბაზაზე. ის 1961-1975 წლებში იწარმოებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი