ახალი ამბები

„ოცნება“ და ენმ თვითმმართველობის კოდექსში ცვილებებზე შეთანხმდნენ

24 მაისი, 2022 • 1841
„ოცნება“ და ენმ თვითმმართველობის კოდექსში ცვილებებზე შეთანხმდნენ

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდნენ, რომ საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე  სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას როგორც შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრი, ასევე პროპორციული სიით გამოკლებული წევრის მონაცვლეც შეძლებს.

ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა დღეს, 24 მაისს, მიიიღო.

კანონპროექტის თავდაპირველად ინიცირებულ ვერსიით, რომლის ავტორიც „ქართული ოცნებაა“, ცვლილებები მხოლოდ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების საკითხს ეხებოდა.

კერძოდ, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობის გარეშე შეძლებდა სადეპუტატო საქმიანობის დაწყებას, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს.

აღნიშნული ფორმით ცვლილებებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, ბათუმის საკრებულოზე მორგებულად მიიიჩნევდნენ. რადგან ბათუმის საკრებულოში დღემდე ვერ ცნეს საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული მაჟორიტარი წევრის, „ქართული ოცნების” წარმომადგენლის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომებს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ და მათ გარეშე საჭირო კვორუმი ვერ გროვდება.

თუმცა ჩიხური ვითარება რჩებოდა სენაკის საკრებულოში, რომელიც ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ იკრიბება. სენაკის საკრებულოში  2021 წლის 3 დეკემბერს პირველივე სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიით არჩეულმა ილია ახალაიამ საკრებულო დატოვა და შედეგად მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ჯამური წარმომადგენლობა გათანაბრდა – თითოეულს 16-16 წევრი ჰყავს, სხდომის გასამართად კი 17 წევრის დასწრებაა საჭირო. სწორედ ამ მომენტიდან „ქართული ოცნების“ ბოიკოტის გამო ვერ ხერხდება საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა, რომ ცვლილებები პროპორციული სიით არჩეული წევრის მონაცვლის უფლებამოსილების ცნობაზეც გავრცელებულიყო.

„მე, როგორც მომხსენებელი, თანახმა ვარ, რომ ის წესი, რაც ჩვენ შემოგვაქვს მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრთან დაკავშირებით, გავრცელდეს პროპორცული გამოკლებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების საკითხზეც“, – განაცხადა კანონპროექტის მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა.

თავის მხრივ, ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება შეძლეს.

“ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ანტიკრიზისული ნორმა, რომელმაც უნდა მოიტანოს შედეგი, რომ ბათუმის საკრებულომ დაიწყოს მუშაობა. სწორედ ამიტომაც იყო ჩვენი შემოთავაზება, რომ სენაკის საკრებულოზეც გავრცელებულიყო იგივე.

ამიტომ თუ ეს იქნება შესაძლებლობა, რომ იგივე ნორმა გავრცელდეს სენაკის საკრებულოზე, ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონპროექტს ექნება. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი, ნათელი მაგალითი იქნება იმის, როგორი პოლიტიკურად დაპირისპირებულებიც ჩვენ არ უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიც არის ადგილობრივი თვითმმართველობა, დემოკრატია ამ ქვეყანაში, ჩვენ ასე ერთად შეგვიძლია მუშაობა“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი