ახალი ამბები

აშკარაა ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები „ალტ-ინფოს“ დანაშაულზე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი

24 მაისი, 2022 • 747
აშკარაა ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები „ალტ-ინფოს“ დანაშაულზე — სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (ყოფილი EMC) „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ხულოში, ოზურგეთში, მარნეულში, მესტიასა და ქობულეთში ჩადენილი ძალადობრივ და შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ დანაშაულებზე რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ აშკარაა დაუსჯელობისა და ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიმართ.

„აშკარაა, რომ საგამოძიებო ორგანოები, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, თითქოს დემონსტრაციულად უარს აცხადებენ ამ ჯგუფის ქმედებები შეაფასონ ძალადობის ორგანიზებისა და შუღლის გაღვივების კონტექსტით, ასევე, უარს ამბობენ გამოვლენილ ქმედებებში სიძულვილის მოტივის გამოკვეთაზე, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობენ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს ლიდერების, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაფარვას და ნაკლებად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამოყენებას.

ეს მიდგომა წარმოშობს სიცარიელეს მართლწესრიგის სისტემაში და დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც სოციალური კონფლიქტებისა და დაპირისპირებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის.

იმ კონტექსტში, როცა ვრცელდება ინფორმაცია წინა წლებში ხელისუფლების მხრიდან ალტ ინფოს და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას ქონებრივი მხარდაჭერის, ასევე კონსერვატიული მოძრაობის ადგილობრივ კოორდინატორებს შორის ყოფილი სუს-ის თანამშრომლებისა და საჯარო სამსახურთან დაკავშირებული პირების საქმიანობის შესახებ გამოვლენილი ლოიალობა დამატებით პოლიტიკურ ეჭვებს აჩენს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, „ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ გამოვლენილი ეს ლოიალობა მკვეთრად ასუსტებს იმ რეფორმების ეფექტიანობასა და ნდობასაც კი, რომელიც სამართლადამცველი სისტემების შიგნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან კავშირში განხორციელდა“.

„კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ეს გამონაკლისი და ლოიალობა, მკვეთრად პრორუსულ, პროპუტინისტულ ძალებს უკავშირდება, რომლებსაც ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის, რუსეთის ომისა და ძალადობის ღია მხარდაჭერის მიუხედავად, შეუზღუდავი პოლიტიკური და მედია საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევა“, – წერია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებს, რომ „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების ფაქტებზე უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და მათ შორის, გამოკვეთოს ძალადობის ორგანიზატორებისა და ძალადობრივი მოწოდებების ავტორების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს და დანერგოს ულტრაკონსერვატიულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც ძალადობის პრევენციის, ისე მათგან მომდინარე ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდასთან გამკლავების თანმიმდევრულ ღონისძიებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი