ახალი ამბები

ძალიან მინდა ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს – სუბარი

24 მაისი, 2022 • 2025
ძალიან მინდა ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს – სუბარი

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადება უკრაინისთვის „საბჭოთა ჯართის“ მიწოდებაზე შეურაცხმყოფელია.

ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრაინისთვის საბჭოთა იარაღის მიცემით თავისი თავდაცვის ძალების ეფექტიანად გადაიარაღება შეუძლია. ელისაშვილის ამ განცხადების შემდეგ კი სუბარი იმედოვნებს, რომ ის „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგება. სწორედ ასე მოიხსენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.

„მინდა მივმართო ალეკო ელისაშვილს, შეურაცხმყოფელია განცხადება, როდესაც ვამბობთ, რომ ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას საბჭოთა ჯართი მივაწოდოთ იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ უკეთესი შეიარაღება მივიღოთ. კარგად იცით, რომ ომში მყოფ ადამიანს ყველზე მეტად რაც სჭირდება, ეს არის გამართული იარაღი და გამართული თავდაცვის საშუალებები იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს. ჯართის მიწოდება, იმედია, სერიოზულად არ თქვით ეს სიტყვა“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ომში მყოფ უკრაინას იარაღის ის ქვეყნები აწვდიან, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, თუმცა საქართველოს ამ ქვეყნისგან განსხვავებული პრობლემა აქვს და ამის გააზრება მნიშვნელოვანია.

„როდესაც შეიარაღების მიწოდებაზეა საუბარი ომში მყოფი ქვეყნისთვის, ან ადრე იყო საუბარი რატომ არ მივეცით უფლება დამჯდარიყო ჩვენთან თვითმფრინავი, რომლითაც მოხალისეები ომში წავიდოდნენ, როდესაც იარაღის მიწოდებას ახორციელებენ ის ქვეყნები, რომელთაც ნატო-ს ქოლგა იცავს, ყველაფერი გასაგებია.

მაგრამ, როდესაც საუბარია, რომ ეს გააკეთოს ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია და პრაქტიკულად ამ ტერიტორიებზე არიან რეჟიმები, რომელთაც ერთი სული აქვთ როდის ჩაერთვება საქართველო ომში, რომ ინტერესები დაიკმაყოფილონ,  როდესაც ქვეყანაში მეხუთე კოლონა გვყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული და ქვეყნის გარეთაც, ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ბევრია  მოსურნე საქართველო ომში იყოს ჩათრეული, მგონი გასაგებია, რა მოჰყვება მსგავს ქმედებებს.

ძალიან მინდა ალეკო ელისაშვილი „ომის პარტიის“ წარმომადგენლების რიგში არ ჩადგეს. საქართველო ვერ და არ გახდება სანქციების გვერდის არიდების ქვეყანა, მაგრამ არის საკითხები, რაშიც არ ჩაერევა, – ამბობს სუბარი.


პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრაინისთვის საბჭოთა იარაღის მიცემით თავისი თავდაცვის ძალების ეფექტიანად გადაიარაღება შეუძლია.

ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას უპასუხა.

კობახიძე ოპოზიციას და “მის ლობისტებს” მოუწოდებს, წერილობით გაასაჯაროონ შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.

ელისაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე სადებატოდ მზადაა, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო თავდაცვის ძალების გაძლიერების უზარმაზარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი