ახალი ამბები

შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ და ამით ჩვენი ჯარი გადავაიარაღოთ — ელისაშვილი

24 მაისი, 2022 • 2024
შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ და ამით ჩვენი ჯარი გადავაიარაღოთ — ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უკრაინისთვის საბჭოთა იარაღის მიცემით თავისი თავდაცვის ძალების ეფექტიანად გადაიარაღება შეუძლია.

ამის შესახებ მან დღეს, 24 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რითიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას უპასუხა.

კობახიძე ოპოზიციას და “მის ლობისტებს” მოუწოდებს, წერილობით გაასაჯაროონ შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ.

ელისაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე სადებატოდ მზადაა, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო თავდაცვის ძალების გაძლიერების უზარმაზარ შესაძლებლობას ხელიდან უშვებს.

„ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთი მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტიანად გადაიარაღება.

პოლონეთი აწვდის საბჭოურ იარაღს უკრაინას, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის და სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტიან, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას — ტანკები იქნება თუ T 72, რომლებსაც ანაცვლებს „აბრამესებით“ და „ლეოპარდებით“, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება, ტანკსაწინააღმდეგო თუ ა.შ. იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. ეს  საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტიან შეიარაღებაში, მით უფრო „ლენდ ლიზმა“ ამის შესაძლებლობა მოგვცა“, — განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, ელისაშვილის თქმით, საქართველოს შეუძლია, რომ უკრაინას „დელტას“ მიერ წარმოებული ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები გაუგზავნოს.

„შეგვიძლია გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის სამედიცინო მანქანა „მედევაკები“. პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს რამით დავეხმაროთ უკრაინას. სურვილს კი არა,  იქით ლანძღავთ ზელენსკის“, —განაცხადა ელისაშვილმა.


მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში ჩავიდა და იქ რამდენიმე კვირის განმავლობაში იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი