ახალი ამბები

“შესაძლოა, ეს რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას” – დავითულიანი კანდიდატის სტატუსის პოტენციურ არ მონიჭებაზე

24 მაისი, 2022 • 836
“შესაძლოა, ეს რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას” – დავითულიანი კანდიდატის სტატუსის პოტენციურ არ მონიჭებაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, შესაძლოა, რუსეთმა მწვანე შუქად აღიქვას.

მისი თქმით, თუ სცენარი ასე განვითარდა, მაშინ ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

„ჩემი აზრით, საქართველოსაც და იმ ქვეყნებსაც [მოლდოვა და უკრაინა] აუცილებლად უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის მხრიდან შეიძლება აღქმული იყოს როგორც მწვანე შუქი, რომ რეგიონში მისთვის დათმობილია ასპარეზი და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს [კანდიდატის სტატუსის მისაღებად] და თუ რამეს არ აკეთებს, ეს უნდა გვითხრან“, – განაცხადა „ფორმულასთან“ დავითულიანმა.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი