ახალი ამბები

პრეზიდენტმა თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა

24 მაისი, 2022 •
პრეზიდენტმა თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარადგინა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარადგინა. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და სავალდებულო დასკვნა ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც უნდა წარადგინოს.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 2019 წლის აპრილში დაინიშნა და პოსტს 2022 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა. გადადგომისას თურნავამ განაცხადა, რომ სფეროს შეცვლისა და ძალების სხვა ასპარეზზე მოსინჯვის სურვილი აქვს.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მისი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან კობა გვენეტაძე იკავებს, რომელსაც უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ეწურება. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურნავა სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი