ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თქმით, პოლიციის განყოფილების კამერებს არ დაუფიქსირებიათ მჟავანაძეზე ძალადობა

23 მაისი, 2022 • 1003
საგამოძიებო სამსახურის თქმით, პოლიციის განყოფილების კამერებს არ დაუფიქსირებიათ მჟავანაძეზე ძალადობა

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გლდანის პოლიციის შენობაში არსებული კამერების არეალში არ მოხდა „სირცხვილია-ს” დირექტორის გიორგი მჟავანაძის დაკავების ამსახველი ფაქტი.

მანამდე, მჟავანაძე ამბობდა, რომ გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს შენობაში მას დაკავებამდე პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით 2022 წლის 17 მაისს დაიწყო.

დღევანდელ განცხადებაში კი თქვა, რომ უკვე ჩატარდა რიგი საგამოძიებო ღონისძიებისა, მათ შორის, გიორგი მჟავანაძის სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე:

„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112’’-დან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა, მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა პოლიციის შენობაში გ.მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებები.

აღნიშნულის შემდგომ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა მე-9 სამმართველოში განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობა (DVR), საიდანაც გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეო ჩანაწერის მოხსნა/ფიქსაციის/აღდგენის მიზნით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.
გარდა ამისა, დათვალიერდა მე-9 სამმართველოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციაზე განთავსებული კერძო პირის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა აღნიშნული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც, ჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა,“.

ამავე განცხადებაში, უწყება დასძენს, რომ გამოჰკითხა სამმართველოს 11 თანამშრომელი, ისინი უარყოფენ, რომ ადგილი ჰქონდა „რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა,“.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლის საქმეში ჩართულობის და გამოძიების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, გ. მ.-ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მისცეს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა,“ – წერია განცხადებაში.


რამდენიმე დღის წინ გიორგი მჟავანაძემ საჯარო პოსტი დაწერა, სადაც გაიხსენა, გლდანის მე-9 განყოფილებაში განვითარებულ მოვლენები. მან ისაუბრა ფიზიკურ ძალადობაზე, შეურაცხყოფასა და მუქარაზე პოლიციელების მხრიდან.

„სირცხვილიას“ დირექტორი იხსენებს როგორ იძალადეს მასზე პოლიციის განყოფილებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი