ახალი ამბები

უკრაინაზე საკონსულტაციო ჯგუფი გაფართოვდა, საქართველო მათ შორის კვლავ არაა

23 მაისი, 2022 • 2029
უკრაინაზე საკონსულტაციო ჯგუფი გაფართოვდა, საქართველო მათ შორის კვლავ არაა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკითხზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გამართა 40-ზე მეტ ქვეყანასთან. საქართველო მათ შორის არ არის.

შეხვედრა უკრაინის საკონსულტაციო ჯგუფთან წარმომადგენლობასთან ვირტუალურად, Zoom-ის მეშვეობით გაიმართა. მისი მთავარი თემა კვლავ უკრაინის უსაფრთხოება იყო.

„24 თებერვლის შემდეგ ჩვენმა 40-ზე მეტმა პარტიორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადადგა ეს ნაბიჯი და გაუგზავნა უკრაინას კრიტიკულად აუცილებელი სამხედრო მხარდაჭერა, რათა მას საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა.  ჩვენთვის დიდი პატივია, რომ 44 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს ჩვენთანაა, ისევე, როგორც ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები,“ – განაცხადა ოსტინმა შეხვედრაზე.

ოსტინმა შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე დასძინა, რომ მაშინ, როდესაც რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან, ბევრმა ქვეყანამ ძალისხმევა არ დაიშურა – „რათა დაეწყო ახალი სასწავლო წვრთნები და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ძალისხმევას რეალურ დროში შედეგი მოაქვს,“.

როგორც CNN წერს, დღევანდელ შეხვედრას ის რამდენიმე ქვეყანა დაემატა, რომელიც რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე აპრილში არ იმყოფებოდა. ესენი არიან: ავსტრია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოლუმბია, ირლანდია და კოსოვო.

ნეტგაზეთმა კომენტარისთვის მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინსიტროსაც. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


აპრილში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე, 40 ქვეყანას უმასპინძლა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად.

ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ იყო.

უფრო ვრცლად ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი