ახალი ამბები

პოლონეთმა იამალის მილსადენით რუსული გაზის მიღება შეწყვიტა

24 მაისი, 2022 • 886
პოლონეთმა იამალის მილსადენით რუსული გაზის მიღება შეწყვიტა

პოლონური მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს შეთანხმება რუსული გაზის იამალის მილსადენით მიღების თაობაზე, რომელსაც ვადა წლის ბოლოს გასდიოდა.

ვარშავამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მანამდე ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ბუნებრივი აირის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ხოლო მოგვიანებით, აპრილის თვეში რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხოლო რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დასავლური სანქციები ამოქმედდა, კრემლმა, რუსულ რუბლზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით და ამ გზით მისი გაუფასურებისგან დაცვისთვის, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბუნებრივი აირი მხოლოდ რუსულ რუბლში გაყიდოს.

კრემლის მოთხოვნას უარით უპასუხეს დასავლეთში, რადგან ევროკავშირისა და ცალკეული ქვეყნების განცხადებით, ეს უკვე დადებულ საკონტრაქტო პირობებს არღვევს.

რას აცხადებენ ვარშავაში

პოლონეთის კლიმატის მინისტრის, ანა მოსკვას განცხადებით, ვარშავის გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას ამ მილსადენით გერმანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე გავლენას.

მანამდე პოლონეთი, ჯერ კიდევ 2019 წელს აცხადებდა, რომ არ აპირებდა გაეხანგრძლივებინა რუსეთთან დადებული კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2022 წლის ბოლოს ეწურებოდა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის მისწრაფების ჭეშმარიტება, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ბუნებრივი აირისგან“, – განაცხადა მოსკვამ პოლონეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

მოსკოვის პოზიცია

კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა პოლონეთის გადაწყვეტილება „სიგიჟის ზღვარზე მყოფ“ ქმედებად შეაფასა.

მისივე განცხადებით, ამჟამად შეუძლებელია რაიმე სახის კონსტრუქციულ დიალოგზე საუბარი, რადგან პოლონეთმა უარი განაცხადა ბუნებრივი აირის სანაცვლოდ თანხის გადახდაზე.

იამალის მილსადენი

იამალის, იგივე იამალ-ევროპის მილსადენი რუსეთიდან, ბელარუსისა და პოლონეთის გავლით, ბუნებრივ აირს გერმანიას აწვდის.

მილსადენმა სახელი გაზის საბადოებით მდიდარი რეგიონის, იამალის ნახევარკუნძულის შემდეგ მიიღო.

მილსადენის მშენებლობა 1994 წელს დაიწყო და სრულად 2006 წელს დასრულდა.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, პარლამენტმა, მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს, რათა ხელოვნურად გაეზარდათ მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე – რუბლზე.

ომის საწყის ეტაპზე, რუბლმა დიდი ვარდნა განიცადა, თუმცა მას შემდეგ, გამყარების ტენდენცია შეინიშნება.

დასავლეთის პოლიტიკური შანტაჟის გარდა, კრემლის მიერ ბუნებრივი აირის რუბლში გაყიდვას ეროვნული ვალუტის გამყარების მიზანიც აქვს.

ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. ასევე ცდილობენ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებასაც.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული მე-6 ტალღის სანქციების თანახმად, გაერთიანება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას 2022 წლის ბოლომდე სრულად აღმოფხვრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი