ახალი ამბები

ბაიდენის თქმით, აშშ დაიცავს ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში

23 მაისი, 2022 • 1225
ბაიდენის თქმით, აშშ დაიცავს ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმას ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო ჩარევა მოჰყვება კუნძულის დასაცავად. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა იაპონიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.

The Guardian-ს თანახმად, ბაიდენმა თქვა, რომ აშშ-ის პასუხისმგებლობა, დაიცვას თვითმმართველი კუნძული — რომელსაც ჩინეთი თავის პროვინციად მიიჩნევს — “კიდევ უფრო ძლიერია” უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

“ეს არის ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ”, — თქვა ბაიდენმა. მისი განცხადებით, ჩინეთის მხრიდან კუნძულის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ნებისმიერი მცდელობა “უბრალოდ არ იქნება მიზანშეწონილი… ეს არევს მთელ რეგიონს და იქნება კიდევ ერთი მსგავსი ქმედება იმისა, რაც მოხდა უკრაინაში”.

ბაიდენის გზავნილს ბრიტანული გამოცემა აფასებს ტაივანის მხარდამჭერ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ განცხადებად, რომელიც ბოლო ათწლეულებში გაკეთებულა.

მეორე მხრივ, ამერიკული CNN აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს წარსულშიც გაუკეთებია მსგავსი განცხადებები, რასაც მოჰყვა თეთრი სახლის კომენტარები, რომელთა თანახმადაც  აშშ-ს პოლიტიკა თვითმმართველი კუნძულის მიმართ არ შეცვლილა.

“ერთი ჩინეთის” პოლიტიკის ფარგლებში, ვაშინგტონი ცნობს პეკინის პოზიციას, რომ ის ჩინეთის ერთადერთ მთავრობას წარმოადგენს და გამომდინარე აქედან, აშშ-ს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან.

მიუხედავად ამისა, აშშ ინარჩუნებს არაოფიციალურ კონტაქტებს ტაივანთან, მათ შორის, ამუშავებს დე ფაქტო საელჩოს დედაქალაქ ტაიბეიში და ამარაგებს თვითმმართველ კუნძულს იარაღით.

“ამერიკა ერთგულია “ერთი ჩინეთის” პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს აქვს იურისდიქცია, გამოიყენოს ძალა ტაივანის ასაღებად”, — თქვა ბაიდენმა. მისივე განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ “ეს არ მოხდება”.

ათწლეულების მანძილზე აშშ-მიჰყვებოდა ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკას, რაც ნიშნავს, იმას რომ ვაშინგტონი განგებ ტოვებდა ბუნდოვანებას კითხვაზე, ჩაერევა თუ არა პროცესში იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეეცდება, სამხედრო ძალის გამოყენებით დაამყაროს კონტროლი ტაივანზე.

საერთაშორისო მედიაში ბაიდენის ზემოხსენებული განცხადება ხსენებული პოლიტიკიდან შესაძლო გადახვევადაც ფასდება. თუმცა, პრეზიდენტის გზავნილს მალევე მოჰყვა თეთრი სახლის კომენტარი:

“ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილება არ არის. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა”.

რეგიონში ჩინეთის სამხედრო აქტივობების ფონზე, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება რეგიონის არაერთ ქვეყანაში იზრდება. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთისა და ტაივანის “გაერთიანება” გარდაუვალია. მანვე იუარა ძალის გამოყენების გამორიცხვა.

წინაისტორია

1927 წელს ჩინეთის მაშინდელ ხელისუფლებასა და კომუნისტურ პარტიას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო. იაპონიასთან ომის დაწყების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ დროებით ზავზე და იაპონიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე.

1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კონფლიქტი განახლდა. 1949 წლისთვის კომუნისტურმა პარტიამ კონტინენტურ ჩინეთზე კონტროლი დაამყარა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა, გენერალ ჩან კაიშის მეთაურობით, ტაივანის კუნძულზე გადავიდა. მას შემდეგ ორივე მხარე თავს აცხადებდა ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

1971 წლამდე ჩინეთის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის რესპუბლიკას — ანუ ტაივანზე არსებულ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. თუმცა 1979 წელს შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აღიარა მთელი ქვეყნის „ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად“.

მეორე მხრივ, იმავე პერიოდში, აშშ-მა ტაივანთან გააფორმა “ტაივანის ურთიერთობების აქტი”. აშშ წარსულშიც დებდა პირობას, რომ ხსენებული აქტის მიხედვით დაეხმარებოდა ტაივანს თავდაცვაში, თუმცა მას არ დაუდია ჯარების გაგზავნის ან პირდაპირი ჩარევის პირობა.

დოკუმენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი ტაივანისთვის ხელმისაწვდომს გახდის თავდაცვის სერვისების იმ რაოდენობას, რომელიც კუნძულს თავდაცვისუნარიანობის საკმარისი შესაძლებლობების შენარჩუნებაში დაეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი