ახალი ამბები

ზელენსკი და დუდა ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთის გამარტივებაზე შეთანხმდნენ

22 მაისი, 2022 • 931
ზელენსკი და დუდა ქვეყნებს შორის საზღვრის კვეთის გამარტივებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი საზღვრის კვეთის გამარტივებასთან დაკავშირებით შეთანხმდა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღეს, 22 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ვიზიტისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, პოლონეთსა და უკრაინას შორის არ უნდა იყოს საზღვრები და ბარიერები:

“ჩვენ ნათესავები ვართ. და ჩვენ შორის არ უნდა იყოს საზღვრები და ბარიერები. უკრაინელი და პოლონელი ხალხები დიდი ხანია მენტალურად გამიჯნული არ არიან. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ამას შესაბამის ორმხრივ შეთანხმებად გადავიტანთ. თავდაპირველად საერთო სასაზღვრო და საბაჟო კონტოლი, შემდეგ კი, როდესაც უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი – ერთადერთი პირობითი საზღვარი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული იქნება ყველა საჭირო გადაწყვეტილება, თავდაპირველად უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობისთვის. კერძოდ, ევროპის კონტინენტზე პოლონეთის მიერ უკრაინის ინტერესების მრავალწლიანი დაცვის წყალობით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა, სადაც თქვა, რომ არ მოისვენებს სანამ უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახდება.

დუდა პირველი უცხოელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის რადაში სიტყვით გამოვიდა და პარლამენტს მიმართა.

ამასთან, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პოლონეთის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია უკრაინაში. ის მეზობელ ქვეყანას ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს ეწვია, მოგვიანებით კი ომის მიმდინარეობისას 13 აპრილს ჩავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი