ახალი ამბები

ტუსკს პოლონეთის წინა მთავრობის დანიშნული 50-ზე მეტი ელჩის შეცვლა სურს

14 მარტი, 2024 • 789
ტუსკს პოლონეთის წინა მთავრობის დანიშნული 50-ზე მეტი ელჩის შეცვლა სურს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა მთავრობის მიერ დანიშნული 50-ზე მეტ ელჩის გაწვევის პროცედურა დაიწყო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადაწყვიტა, გაეწვია ასევე ათობით კანდიდატი, რომლებიც სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ იყო წარდგენილი.

„მთავრობა, რომელიც კონსტიტუციით პასუხისმგებელია საგარეო პოლიტიკაზე, თვლის, რომ ელჩების აუცილებელი ცვლილება ხელს შეუწყობს პოლონეთის საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული რთული გამოწვევების უკეთესად და პროფესიონალურად გადაწყვეტას“, — აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმედი აქვს, რომ ამ საკითხზე ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობა შედგება.

საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით, რომელსაც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, ელჩებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პოლონეთის პრეზიდენტი.

ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მის გარეშე ელჩებს ვერავინ დანიშნავს და გაათავისუფლებს.

პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, ასეთ შემთხვევაში, სანამ პრეზიდენტი არ შეიცვლება, საელჩოებს ელჩის მოვალეობის შემსრულებლები გაუძღვებიან.

უცნობია, რომელი ელჩების გაწვევა სურს პოლონეთის ახალ მთავრობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარსინ მასტალერეკმა განაცხადა, რომ ამჟამად ვაშინგტონში ელჩის შეცვლაზე საუბარი არ არის და ანდჟეი დუდა ასეთ ცვლილებას არ დასთანხმდება.

პოლონეთში ამჟამად კოჰაბიტაციაა — პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა (შესაბამისად, პრემიერი) მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი