ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი აცხადებს, რომ თბილისი აფხაზურ უწყებებს ერთმანეთს უპირისპირებს

20 მაისი, 2022 • 3078
სოხუმი აცხადებს, რომ თბილისი აფხაზურ უწყებებს ერთმანეთს უპირისპირებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს ახალგახსნილი მედიაცენტრი თავის ტელეგრამის არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან, დასავლელი მრჩევლების ინიციატივით, შეიმჩნევა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციის, მათ შორის, კონფლიქტების პროვოცირების ინტერესის ტენდენცია.

უწყება ირწმუნება, ანონიმური ანგარიშების მქონე პირები, პროვოკაციის მიზნით, აფხაზეთის ზოგიერთი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ, ზოგს კი აქებენ, რაც მედიაცენტრის მტკიცებით ნეგატიურ გავლენას ახდენს აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების მუშაობასა და ეფექტიანობაზე.

რა პროვოკაციებს გულისხმობს მედიაცენტრი, მის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

მედიაცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას, გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია და მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმებულ წყაროს ენდონ.

რამდენიმე კვირის წინ ინალ არძინბამ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთში ქართული და დასავლეთის სპეცსამსახურების მზარდ აქტიურობასთან დაკავშირებით.

არძინბა აცხადებს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთში მიზნები აქვთ

მასალების გადაბეჭდვის წესი