ახალი ამბები

30 წამი ჭამისთვის, ელექტროშოკი, ფრჩხილებქვეშ ნემსების შერჭობა… — დიანოვი რუსულ ტყვეობას იხსენებს

4 ოქტომბერი, 2022 • 1695
30 წამი ჭამისთვის, ელექტროშოკი, ფრჩხილებქვეშ ნემსების შერჭობა… — დიანოვი რუსულ ტყვეობას იხსენებს

აზოვსტალის მცველი, საზღვაო ქვეითი მიხაილ დიანოვი იხსენებს, როგორ აწამებდნენ უკრაინელებს რუსულ ტყვეობაში.

დიანოვის მიერ მედიაპროექტ Front 18-ისთვის მიცემულ ერთსაათიან ინტერვიუს შინაარს „მედუზა“ ავრცელებს.

უფროსი სერჟანტი მიხაილ დიანოვი მარიუპოლთან მდებარე პოზიციებზე 10 მარტს დაიჭრა და სამკურნალოდ მარიუპოლში, 61-ე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკლავზე გარე ფიქსაციის მოწყობილობა დაუმაგრეს. ორი დღის შემდეგ რუსებმა ქალაქის ალყაში მოქცევა დაიწყეს და ჰოსპიტალზე საჰაერო იერიში მიიტანეს. დიანოვი ყვება, რომ დაბომბვისას საოპერაციოში იყო და მხოლოდ პლედის გადაფარება მოასწრო, რათა შუშის ნასხლეტებისგან თავი დაეცვა. მეორე ღამეს დაჭრილმა სარდაფში გაატარა. შემდეგ აზოვმაშში გადაიყვანეს, სადაც ერთი თვე გაატარა. აპრილში გადაწყდა დაჭრილების ორ ჯგუფად გაგზავნა აზოვსტალში. ორი მანქანიდან მხოლოდ ერთი მივიდა ქარხანაში.

დიანოვმა მხოლოდ ორი დღე გაატარა საერთო ბუნკერში — ჭრილობა დაუჩირქდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მორიგი საჰაერო თავდასხმის დროს, თავის გარე ფიქსაციის მოწყობილობაზე დაეცა, რის შედეგადაც ფიქსატორი მოიხარა. დიანოვის ხელის ძვლები ერთმანეთს ნახევარწრიულად შეეზარდა, ხოლო თავად აპარატის მოხსნა უკვე ტყვეობაში გახდა საჭირო.

ჭრილობის მიუხედავად, დიანოვი განაგრძობდა საბრძოლო პოზიციებზე გასვლას, სადაც საბოლოოდ გატეხა ფიქსატორი, ჭრილობები გამუდმებით ღია იყო ფიქსატორის სარჭების გამო, მოწყობილობა წყობიდან გამოვიდა.

მაისის შუა რიცხვებში მიიღეს ბრძანება აზოვსტალის ჩაბარების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ დაახლოებით 2.5-მა ათასმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ იარაღი დადო. დიანოვი, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად, სოფელ ილინოვკას კოლონიაში აღმოჩნდა.

მისი თქმით, ივლისის ბოლოს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან მიაღწია, რომ მისთვის მოეხსნათ გარეგანი ფიქსაციის აპარატი, რომლის ნემსები უკვე თავისუფლად მოძრაობდა ძვლებში და ძლიერ ტკივილს იწვევდა. დიანოვი დონეცკში გადაიყვანეს, სადაც ექიმმა მოწყობილობა მოუხსნა. იგი იხსენებს:

„ექიმი მოვიდა. მეუბნება:

„აბა, მიშა, აპარატს გხსნით?“

ვუყურებ და მანქანის ქანჩები ამოალაგა. ქანჩი არ მოერგო და ჟანგიანი ბრტყელტუჩათი დაიწყო ტრიალი. ვეუბნები:

„შეგიძლიათ რამე  ტკივილგამაყუჩებელი მაინც მომაწოდოთ?“ — ზოგაგად, ეს პროცედურა ანესთეზიის ქვეშ კეთდება.

— „კარგი, კეტოროლაკის ინექციას გაგიკეთებთ“, — მიპასუხა და ნემსის ჩხვლეტისთანავე გააგრძელა [ფიქსატორის მოხსნა]“.

29 ივლისს, დილით, ილინოვკას კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომელშიც რუსეთმა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფმა ძალებმა უკრაინა დაადანაშაულეს. 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დიანოვი იმ მომენტში დონეცკის საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით დაჭრილების მოყვანა დაიწყეს. მისი თქმით, ინციდენტის ყველა თვითმხილველი ამბობს, რომ „მოფრენა“ არ ყოფილა და აფეთქება შიგნიდან მოხდა. დიანოვის აზრით, აფეთქება რუსეთმა ტყვეთა გაცვლის მეორე ეტაპის ჩაშლის მიზნით მოაწყო. თავისი ვერსიის მხარდასაჭერად მან გაიხსენა კიდევ ერთი აფეთქება, რომელიც 18 სექტემბერს, გაცვლის წინა დღეს მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსულ ტყვეობაში, დიანოვის თქმით, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს რეგულარულად აწამებდნენ ელექტროშოკით, ხელკეტებით სცემდნენ და ფრჩხილების ქვეშ ნემსებს ურჭობდნენ.

მისი თქმით, აწამებდნენ ნებისმიერი გამოგონილი მიზეზით, თავის „არასწორად“ გაბრუნების გამოც.

„ყველაზე ხშირად მაშინ მცემდნენ, როცა საგამოძიებო კომიტეტში მივყავდი. ავტომატს თავში მირტყამდნენ. „თავი არასწორი მიმართულებით გააქნიე, ხელი არ აწიე“… მე ვუთხარი, რომ ხელის აწევა არ შემიძლია. ამას მოჰყვა ორი დარტყმა, —„აჰ, არ შეგიძლია აწევა …“ და მესამე დარტყმა“, — იხსენებს დიანოვი.

დიანოვი ამბობს, რომ ტყვეობაში კვებისთვის 30 წამი ჰქონდათ გამოყოფილი, რა დროსაც უნდა მოესწროთ, რამე ეჭამათ.

„შეიძლება ადამიანი დასერო, სცემო, მაგრამ ნებისმიერ ტკივილს გაუძლებს. აი, შიმშილი… უბრალოდ საშინელებაა. თვალებს რომ ხუჭავ, მხოლოდ საჭმელს ხედავ. შენ არ ხედავ ოჯახს, არ გაინტერესებს, უკრაინა თავისუფალია თუ არა, არაფერი გაინტერესებს… თუ გინდათ მორალურად და ფიზიკურად გაანადგუროთ ადამიანი, უბრალოდ, არ აჭამოთ მას.

სპეციალურად გვაძლევდნენ მდუღარე წყალს და მაგარ პურს. ფიზიკურად ვერ ასწრებდი [ჭამას]. წინ და უკან გვარბენინებდნენ და გვერდზე ყარაულები გერმანული ნაგაზებით იდგნენ. ვინ გამოდის ახლა ფაშისტი?“ — კითხულობს დიანოვი.

20 სექტემბერს, როდესაც პატიმრების გაცვლისთვის მზადება დაიწყეს, დიანოვის თქმით, არაფერი აუხსნეს. ჩხრეკის შემდეგ  ეზოში დაახლოებით ხუთი საათი ალოდინეს. თვალებში სკოჩის ლენტი ააფარეს და „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანებში ჩასხეს. დიანოვი ამბობს, რომ მანქანაში ისე მჭიდროდ იყვნენ ჩაჭედილი, რომ სუნთქვა ჭირდა, ბოლოს ტყვეებს საერთოდ წიხლით ტენიდნენ. ექვსი საათის შემდეგ პატიმრები თვითმფრინავში ჩასვეს,  დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ კი ავტობუსებში გადაიყვანეს.

„მივდივართ, მარჯვენა თვალიდან ფანჯარაში მზერას ვაპარებ. ვიცი, რომ დაახლოებით ხუთი საათია. ავტობუსი გაჩერდა, დარაჯები ჩავიდნენ. ვიღაც ამოვიდა და დაიძახა: „დიდება უკრაინას!“

22 სექტემბრის ღამეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეთა ყველაზე დიდი გაცვლა მოხდა. უკრაინამ რუსეთს 55 რუსი და ოლიგარქი, ვლადიმერ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი გადასცა, ხოლო რუსეთმა — უკრაინის შეიარაღებული ძალების 215 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, აზოვსტალის მცველები. მიხაილ დიანოვი სწორედ გათავისუფლებულ ტყვეებს შორის იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი