ახალი ამბები

ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა

19 მაისი, 2022 • 463
ქართული ოცნების ოფისთან ენმ-ის ახალგაზრდულის აქცია გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც ასევე გააპროტესტეს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ნიღბები, რომელთაც ისინი ატარებენ, განასახიერებს „ახალ წინააღმდეგობას“.

„ქართულ ოცნებას უნდა ეშინოდეს გაბრაზებული ქართველი ხალხის. რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ [წინააღმდეგობის ] მოძრაობას… მით უფრო მალე მოვიშორებთ ქართულ ოცნებას და ამ ქვეყანას დავუბრუნებთ განვითარების დასავლურ რელსებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი