ახალი ამბები

ჟურნალისტებმა გვარამიას მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს

19 მაისი, 2022 • 1038
ჟურნალისტებმა გვარამიას მხარდასაჭერად მორიგი აქცია გამართეს

„მთავარის არხისა“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლებმა მორიგი აქცია გამართეს ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად.

ჟურნალისტები, ტელეწამყვანები და სხვა თანამშრომლები 19 მაისს, 13:00 საათისთვის შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, დერეკ შოლე მართავს შეხვედრებს.

მათი თქმით, დერეკ შოლეს უნდა გადასცენ წერილი, რომლითაც გვარამიას გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ.

„ნიკა გვარამიას დაკავება მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ტელეარხის დირექტორის პრობლემა კი აღარ არის, ეს ქვეყნის პრობლემა ხდება, რადგან მომენტი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის შეარჩია, განსაკუთრებით დამაზიანებელი და სახიფათოა ევროინტეგრაციის გზაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია გოგსაძემ, „მთავარი არხის“ ტელეწამყვანმა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, „ფორმულას“ ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი და სხვები. მობილიზებული იყო პოლიციაც.

ჟურნალისტებმა აქციაზე მიიტანეს ბანერები წარწერებით:

  • „მთავარი თავისუფლებაა“;
  • „სიტყვის თავისუფლება – თავისუფლება ნიკას“
  • „ოლიგარქი დემოკრატიის წინააღმდეგ“
  • „სიტყვის თავისუფლება დახმარებას საჭიროებს“
  • „დაასანქცირეთ ოლიგარქი“
  • „დაასანქცირეთ მოძალადე“
  • „თავისუფლება ნიკას – თავისუფლება მედიას“ და ა.შ..

დერეკ შოლე, – სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, – 19 მაისის დილის საათებიდან ხვდება წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოში ვიზიტის პარალელურად დერეკ შოლემ გამოაქვეყნა მოსაზრების სვეტი საქართველოს შესახებ, სადაც აღნიშნავს, რომ 1992 წლიდან აშშ-მა თითქმის 6 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

დერეკ შოლე გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის მიმართ.

გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი