ახალი ამბები

არსებობს თუ არა „მოლაპარაკება საწვავის ფასზე“ – რა დაადგინა კონკურენციის სააგენტომ

18 მაისი, 2022 • 1043
არსებობს თუ არა „მოლაპარაკება საწვავის ფასზე“ – რა დაადგინა კონკურენციის სააგენტომ

კონკურენციის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ძალიან ბევრმა იმპორტიორმა“ დაიწყო საქართველოში შედარებით იაფფასიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ქვეყანაში ფასებზე ეს ჯერ არ ასახულა, რის გამოც მთავრობამ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა და დასკვნის წარსადგენად 15 მაისამდე მისცა ვადა.

„ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ცნობები, რომ ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

სააგენტოს მიერ 18 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდს მიმოიხილავს.

ანგარიშში აღწერილია, რომ საქართველოში საწვავი რამდენიმე თვეა რეკორდულად გაძვირდა. მაგალითად, 23 მარტს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4 ლარზე ძვირი ღირდა.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის პირველი ნახევარი გამოირჩეოდა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ტრენდით და ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით, ხოლო მეორე ნახევარი – საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების და ლარის კურსის გამყარების ტენდენციით, ზოგადად კი – მკვეთრად გამოხატული ტურბულენტობით.

„ლარის კურსის გაუფასურების და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს, რის შემდეგაც ლარი 40-45 პუნქტით გამყარდა. რაც შეეხება ნავთობის ფასს, ამ კუთხითაც ფიქსირდება 12%-იანი შემცირება.

ლარის გამყარებისა და ნავთობის ფასის შემცირების, როგორც საწვავის იმპორტის ფასზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების გაერთიანების შედეგად, 8 მარტთან შედარებით 30 აპრილის მდგომარეობით, პლატსის ფასი ლარში შემცირებულია 18%-ით, თუმცა ფასი კვლავ რჩება მაღალ ნიშნულზე და ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით, ზრდა შეადგენს საშუალოდ 41%-ს“, – წერია ანგარიშში.

სხვა ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 31.2% მოდის რუმინეთზე, 24.1% ბულგარეთიდან, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან (გრაფიკი 1);

  • 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს,
  • „სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით“;
  • 30 აპრილის მდგომარეობით, პლატსის ფასი ლარში ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით, გაზრდილია საშუალოდ 41%-ით;
  • საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ ევროპიდან იმპორტირებულ საწვავზე აპრილის თვის ფასნამატი მსგავსია ამავე წლის იანვრის თვის ფასნამატისა.
    • მარტის თვეში ბულგარეთის შემთხვევაში, ხოლო თებერვლის თვეში რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, იმპორტიორი კომპანიების საცალო ფასნამატი იყო მნიშვნელოვნად ნაკლები (გრაფიკი 4-5);
  • საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში – ბულგარეთი, რუმინეთი. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აპრილის თვეში შეინიშნება ფასის საშუალოდ 6-8 ცენტიანი შემცირება;
  • საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-60 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-აპრილი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად;
  • რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე, შეადგენდა საშუალოდ 40 თეთრს;
  • მსხვილი კომპანიების ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს/ჰქონდა საცალო მომხმარებლისთვის დამატებითი, კერძოდ 1 ლიტრზე 20-25 თეთრამდე ფასდაკლების შეთავაზებას. აღნიშნული ერთი შეხედვით დადებით გარემოებას წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელი იყო დამატებითი ფასდაკლების ასახვაც პირდაპირ ტაბლოზე.

კონკურენციის სააგენტო წერს, რომ 2022 წლის მაისის თვეში საერთაშორისო ბაზრებზე კვლავ ფიქსირდება ნედლი ნავთობისა და პლატსის ფასის ზრდის ტენდენცია და პრაქტიკულად ფასი გაუთანაბრდა მარტის თვის პიკურ მაჩვენებელს.

„თუმცა, საცალო ფასწარმოქმნაზე მოქმედი მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, კერძოდ ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას და 2022 წლის მარტის თვის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარება შეადგენს 50 პუნქტს, რაც შესაძლოა გახდეს ნედლი ნავთობისა და პლატსის ფასის ზრდის დამბალანსირებელი გარემოება“, – წერია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი