ახალი ამბები

18-დან 26 მაისის ჩათვლით თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

18 მაისი, 2022 • 1431
18-დან 26 მაისის ჩათვლით თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. 

თბილისის მერიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.  

ასევე, თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტს, ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457. 

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი