ახალი ამბები

პროკურატურა: დავაკავეთ პირი, რომელმაც ლატვიის მოქალაქეს 34 ათასი ევრო გამოსძალა

17 მაისი, 2022 • 828
პროკურატურა: დავაკავეთ პირი, რომელმაც ლატვიის მოქალაქეს 34 ათასი ევრო გამოსძალა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელმაც ლატვიის მოქალაქეს მოტყუებით 34 000 ევრო გამოსძალა. პროკურატურის ცნობით, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული გუშინ, 16 მაისს დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ “ევრობანკ კვიპროსის” სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე.

შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალი წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი