მოსკოვში, ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] საიუბილეო სამიტზე, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლის შესახებ, თუმცა აქვე გააკრიტიკა სომხეთის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო.
“ხშირად სინქრონული არაა ორგანიზაციის წევრების ხმის მიცემა ამა თუ იმ საკითხზე. თუმცა ეს სიახლე არ არის. სომხეთს ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია. როგორც იცით, შარშან ზუსტად ამ დღეებში შემოიჭრნენ აზერბაიჯანის ძალები სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, რის გამოც სომხეთმა ОДКБ-ს მიმართა იმ მექანიზმების ასამოქმედებლად, რომლებიც კრიზისული სიტუაციების დროს უნდა ამოქმედდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ამ ორგანიზაციამ ისე იმოქმედა, როგორც ამას სომხეთის რესპუბლიკა ელოდა”.
ფაშინიანის განცხადებითვე, კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში სომხეთი ასევე საუბრობდა ОДКБ-ს წევრი ქვეყნებისგან აზერბაიჯანისთვის იმ იარაღის მიყიდვაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სომხეთისა და სომეხი ერის წინააღმდეგ იყო გამოყენებული.
“სიმართლე გითხრათ, 2020 წლის 44-დღიანი ომის განმავლობაში ОДКБ-ს წევრი ქვეყნების რეაქციაც სომხეთისთვის და, ზოგადად, სომეხი ხალხისთვის არ იყო მისასალმებელი. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განსაკუთრებულ როლს მთიან ყარაბაღში ომის შესაწყვეტად”.