ახალი ამბები

ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი – კობახიძე

17 მაისი, 2022 • 900
ენმ, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან ანტიევროკავშირი –  კობახიძე

„სწორედ ნაციონალური მოძრაობა, NGO-ები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი“,  – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, 17 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებიდან მეორე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, ის ამ საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა საგანგებო ბრიფინგი იმიტომ გამართა, რომ „სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. სასამართლოზე წეზოლასა და „ბულინგს“ კი, მისი თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები“ ახორციელებენ, რომლებიც გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

„ჩვენ ამ ადამიანებს ვერც სამართლის აღსრულების შეჩერების, ვერც ტელეკომპანიების ძარცვისა და ვერც სასამართლოზე ზეწოლის უფლებას ვერ მივცემთ.

ბოლოს, უსათუოდ უნდა გამოვეხმაუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. მათ პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არ არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, არამედ ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა. შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან, თავისი არსით, ანტიევროკავშირი.

სამართლის უზენაესობის გარეშე კი, ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები ვერც ისე და ვერც ასე ვერ გავხდებით. შესაბამისად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დასაცავად, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულებაა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა კობახიძემ.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი