ახალი ამბები

გვარამიას დაპატიმრება მედიის თავისუფლებაზე სერიოზული შეტევაა – ლექსმანი

16 მაისი, 2022 • 1060
გვარამიას დაპატიმრება მედიის თავისუფლებაზე სერიოზული შეტევაა – ლექსმანი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და ამ ფაქტს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ლექსმანმა დღეს, 16 მაისს გააკეთა.

“ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა სერიოზული შეტევაა მედიის თავისუფლებაზე და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის განუწყვეტელი მცდელობების ნაწილია. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ფონზე არ შეიძლება ამ მცდელობების უგულებელყოფა”, – წერს ლექსმანი Twitter-ზე.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი