ახალი ამბები

გვარამიას მიმართ კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა – ლომჯარია

16 მაისი, 2022 • 1086
გვარამიას მიმართ კანონთან შეუსაბამო განაჩენი დადგა – ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს კანონთან შეუსაბამოს უწოდებს და ამბობს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის დაპატიმრება კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ “დაწყებული მტრული გარემოს ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინებაა”. ამის შესახებ მან რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

“ჩემი მოსვლის მიზანია, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი. ძალიან დეტალურად გვაქვს შესწავლილი ბრალი და საქმის მასალები, რომლის მიმართაც ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია, არამედ, მსგავს დავას არც საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა ჰქონოდა მომჩივნის მხრიდან წარმატება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დარღვეულია კანონიერების პრინციპი, დარღვეულია სტრასბურგის ევროკონვენციის მეშვიდე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც დანაშაულად არ ითვლება…

საერთო კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ დაწყებული მტრული გარემოს გაგრძელებაა და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური გამოვლინებაც. ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელების და მენეჯერების მიმართ. თავდასხმებს, ფიზიკურ თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს და დღეს უკვე ალბათ ყველაზე კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კრიტიკულ მედიასაშუალებებზე “ისეთი ზეწოლის” განხორციელების მცდელობაა, “რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება”.

“ასეთი ფაქტები ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და ჩვენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებით და დღევანდელი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის და გამოხატვის თავისუფლება, არამედ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში”, – აღნიშნა მან.

ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი აპირებს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში დეტალურად გაეცნოს განაჩენს და დამატებითი სამართლებრივი შეფასებები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს.


„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამიასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი