ახალი ამბებიკომენტარი

“საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე დარტყმა” – ცუცქირიძე გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 2324
“საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე დარტყმა” – ცუცქირიძე გვარამიას დაკავებაზე

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება იმ დროს, როდესაც  სასამართლო არის პოლიტიზებული, არის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე დარტყმა.

„ვფიქრობ, საყოველთაო კონსენსუსი არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს შორის, რომ ქართული სასამართლო არის პოლიტიზებული და წარმოადგენს არა ხელისუფლების დამაბალანსებელ, დამოუკიდებელ შტოს, არამედ ექვემდებარება ძალაუფლების ვერტიკალს.

ამიტომ ბუნებრივია, ასეთი სასამართლოს მიერ ამ განაჩენის ახლა გამოტანა, ვერანაირად ვერ იქნება პოზიტიური, ან ნეიტრალური შედეგის მომტანი და იქნება ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური და ეს არის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე დარტყმა“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, საქართველო ერთი ხელით ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას, მეორე ხელით კი ძირს უთხრის ამ პროცესს.

„ეს ვერანაირად ვერ წაადგება ჩვენს ურთიერთობებს. ეს საბოტაჟი არ უნდა განხორციელდეს. ეს გადაწყვეტილება არის მიმართული შიდა პლურალიზმის შემცირებისკენ და ევროპული პერსპექტივის დაზარალებისკენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საბოტაჟი ვერ იმუშავებს და ჩვენ მაინც შევძლებთ წინ წასვლას და ევროპარლამენტარები დაინახავენ იმას, რაც კეთდება და ამის გამო ქვეყნის ევროპული მომავალი არ დაზარალდება.

ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის, ან რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის ან პარტიის. ეს ქვეყანა არის ამ საზოგადოების, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა ყოველივე ამისათვის.

ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარღვევის მიღწევას, ამის გარეშე წინ ვერ წავალთ“, – აცხადებს იგი.

ცუცქირიძის განცხადებით, გვარამიას დაკავება გააზრებული და გამიზნული გადაწყვეტილება იყო, რაც საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს აზიანებს.

„ეს რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, დემოკრატიულ ქვეყანაში, აქ კითხვები ვერ დაისმებოდა, რადგან სასამართლოს აქვს თავისი დღის წესრიგი, რომელზეც პოლიტიკური მოვლენები ვერ უნდა ახდენდნენ გავლენას, მაგრამ, როცა სასამართლო არის ძალაუფლების ვერტიკალის ნაწილი, ბუნებრივია, რომ მათ [ხელისუფლებამ] იცოდნენ, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს, ამიტომ სრულიად გამიზნული და შეგნებული გადაწყვეტილებაა. ეს შიგნით აზარალებს ქვეყნის დემოკრატიას, გარეთ აზარალებს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს.

„რადიო თავისუფლების“ პრაღის რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებების დოკუმენტს 8 ან 15 ივნისს წარმოადგენს.

ვის რგებს ეს გარდა ვიწრო პოლიტიკური გუნდისთვის, ჩემთვის გაუგებარია. გრძელვადიანად არც მათ, რადგან თუ ასე გაგრძელდა, კარგად არ დასრულდება არავისთვის“, – აცხადებს ლევან ცუცქირიძე.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი