ახალი ამბები

ციხის ენით საუბარი ერთიანობის იდეას გვაშორებს – იოსელიანი გვარამიაზე

16 მაისი, 2022 • 878
ციხის ენით საუბარი ერთიანობის იდეას გვაშორებს – იოსელიანი გვარამიაზე

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას საქმეში „სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება“ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ითარგმნება, როგორც ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის დაპატიმრება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას არ აწყობს.

„ნიკა გვარამიას პირადად ვიცნობ და ძალიან ბევრ რამეში არ და ვერ ვეთანხმები. იმ პარტიასთანაც ბევრი პრობლემა მაქვს, რომლის ტელევიზიასაც ის ხელმძღვანელობს. არც თავად იზიარებს ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს მაინდამაინც. მაგრამ როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის ერთი და რა შედის ქვეყნის ინტერესებში, მეორე“, – დაწერა იოსელიანმა ფეისბუკზე.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მუხლი, რომლითაც სასამართლომ გვარამია დააკავა, სასჯელის გაცილებით მსუბუქ ფორმებსაც ითვალისწინებს, – ჯარიმას ან შინაპატიმრობას, სასამართლომ კი ყველაზე მძიმე ფორმა – პატიმრობა მიუსაჯა, რისი გამოყენებაც, იოსელიანის შეფასებით „არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო არ იყო“.

„მე არ ვიცნობ საქმის მასალებს საკმარისად კარგად, რის გამოც გამიჭირდება ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი. მაგრამ ცალსახაა, რომ სასჯელის უმძიმესი ფორმის გამოყენება, საერთაშორისო საზოგადოებასთან შემდეგნაირად ითარგმნება, რომ ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური არხის ხელმძღვანელი არის ციხეში. ეს კი რამდენად აწყობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რთული მისახვედრი არ არის“, – წერს პარლამენტარი.

„შეიძლება ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გულს ფხანდეს ვინმეს პატიმრობა, მაგრამ ერთ წრეზე სიარულმა და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომამ, ბოლო 30 წელია, კარგი რომ არაფერი მოგვიტანა, ფაქტია. წინა ხელისუფლების მმართველობიდან თუ რაიმე გაკვეთილი უნდა გამოგვეტანა არის, ის რომ დაპატიმრების და ციხის ენით საუბარი გვაშორებს ერთიანობის იდეას და დემოკრატიულ მომავალს“, – წერს ლევან იოსელიანი.

გვარამია სამ-ნახევარი წლით დააპატიმრეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი