ახალი ამბები

“გეგმა უცვლელია” – მელია გვარამიას დაკავებაზე

16 მაისი, 2022 • 867
“გეგმა უცვლელია” – მელია გვარამიას დაკავებაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ ის ერთადერთი რამ, რაც საქართველოს დემოკრატიულ ნიშნებს უნარჩუნებს, დამოუკიდებელი მედიაა.

ნიკა მელიას თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამ კომპონენტის მოშორების მცდელობა იყო, რის შემდეგაც ქვეყანა კალსიკურ ავტოკრატიულ სახელმწიფოდ იქცევა:

„გეგმა უცვლელია, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვებრძვით ადამიანს, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და ფესვები ღრმად გაიდგა. მან კლასიკური ავტოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. ძალიან ცდება ყველა ის ჩვენი საერთაშორისო მეგობარი, ან საქართველოში მცხოვრები ადამიანი, თუნდაც ერთი, ვინც იტყვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ დემოკრატიული წყობილებაა, ვინაიდან არსებობს მედია და სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არა მეგობრებო, ეს არის ავტოკრატიული სახელმწიფო დემოკრატიული ნიშნებით. ეს ნიშნებიც იმიტომაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს „მთავარი არხი“, ტელეკომპანია „პირველი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „კავკასია“.

ამ ყველაფერს თუ მოვაშორებთ, და ამის მცდელობა დავინახეთ დღეს, ვიქცევით კლასიკურ ავტოკრატიულ სახელმწიფოდ. ამიტომ, აქ არის საჭირო დაუღალავი და უკომპრომისო ბრძოლა. ამ ბრძოლის ველზე, დიდი ალბათობით, კიდევ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები იმიტომ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს, რომ შენ შეგიზღუდავენ თავისუფლებას. ნიკა გვარამია მთელი ამ 10 წლის განმავლობაში მართლაც უკომპრომისოდ იბრძოდა და ყველაფერი გააკეთა რაც შეიძლებოდა ერთ ადამიანს გაეკეთებინა“ – აცხადებს ნიკა მელია.

მისი თქმით, ახლა აღარ არის დროს ოპოზიციის პლატფორმაზე უარყოფითი პროცესების განვითარების და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაკავების მიუხედავად, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს:

„ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის განხორციელებულ ქმედებებზე უფრო საზიანოები არიან ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არ არიან ბიძინა ივანიშვილის მხარეს, რომლებიც აკრიტიკებდნენ ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ის შეკრულია, რომ მან ეს და ეს არ გააკეთა. ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც დემოკრატიის ქომაგები. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს უფლებას გავხდეთ ჭირისუფლები“ – ამბობს ნიკა მელია.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი