„მთავარი არხის“ დირექტორის,მოადგილე გიორგი გაბუნია გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანა არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად იქცა:
„სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოსგან მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, იქცა უბრალოდ დაშინებული ძალადობის ქვეშ მყოფი არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომლებიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე.
არც ენა, არც მამული, არც სარწმუნოება, სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები იმიტომ, რომ ვხედავთ, არ გვაქვს არც მამული, უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა, იმიტომ რომ წერაკითხვაც აღარ ვიცით წესიერად, ან თუ ვიცით ვიყენებთ ამას დასახლეჩად ჩვენი ქვეყნის და ასეთი გადაწყვეტილებების მისაღებად და სარწმუნოებაც სამწუხაროდ ფარსად იქცა განსაკუთრებით ბოლო წლებში“ – აცხადებს გიორგი გაბუნია.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება და ეს მოხდება არამხოლოდ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის:
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იმიტომ, რომ ახლა კიდევ ერთი ძალიან დიდი მიზეზი გვაქვს ვიბრძოლოთ ბოლომდე თავისუფლებისთვის როგორც ყოველთვის. არამარტო ნიკას თავისუფლებისთვის, სახელმწიფომ ასე ქნა, ასე მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“ და ნიკა გვარამია გახადა სწორედ ქვეყნის თავისუფლების ერთ-ერთ სიმბოლოდ, არა ერთადერთად, სამწუხაროდ.
ნიკა არ არის ერთადერთი, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო თავისუფლების, რომელთან ერთადაც ჩვენ ამდენი წელი გავატარეთ ამ ყველაზე ძვირფასი მონაპოვრისთვის – თავისუფლებას ვგულისხმობ. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივის, მაგრამ „მთავარი არხი“ გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას“ – ამბობს გაბუნია.
მისი თქმით, „მთავარი არხი“ ნიკა გვარამიას გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას და ტელეკომაპნიის მართვის მხრივ გენერალური დირექტორის დაკავება პრობლემებს არ წარმოშობს. გაბუნიას თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომლის წინაშეც კომპანია დგას, ფინანსურია:
„სწორედ ნიკას დამსახურებაა როგორც მენეჯერის, რომ არხი ისეა აწყობილი, რომ ყველას ჩვენ შეგვიძლია აწყობილი საათივით მუშაობა. ერთადერთი რა პრობლემაც ჩვენ გვაქვს, ეს არის მხოლოდ ფინანსური პრობლემა და ესეც მოდის ისევ ქვეყნის პრობლემიდან. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს არანაირი დოვლათი და ჩვენს მოხრჩობას წლების განმავლობაში ცდილობდნენ სწორედ ფინანსური პრობლემებით. მაგრამ ჩვენ ამასაც გადავლახავთ, ბრძოლა გრძელდება რათა საქართველო იქცეს ისევ სახელმწიფოდ როგორც ოდესღაც იყო. სანიმუშო სახელმწიფოდ, რომელიც ჩვენ ოდესღაც ვიყავით“ – აცხადებს გიორგი გაბუნია.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენი ცნობილია.”მთავარი არხის” დამფუძნებელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.