ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე მადრიდში.
მისი თქმით, ალიანსი ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება და ეძებს გზებს, როგორ დაეხმაროს პარტნიორებს უკრაინაში ურსეთსი შეჭრის რთულ პერიოდში.
„ნატო ყოველთვის პატივს სცემს ერების უფლებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. ეს არის დისკუსია იმ ქვეყნისა და იმ ორგანიზაციის, რომელშიც სურთ გაწევრიანება. საქართველო ჩვენთვის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. ჩვენ მათთან ვმუშაობთ წლების განმავლობაში. ასევე ვიცი, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული. ღია კარის პოლიტიკა ნატოსთვის წმინდად რჩება და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, — განაცხადა მირჩა ჯოანამ ქართული მედიის კითხვის საპასუხოდ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის მნიშვნელობას რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში.
„ჩვენ ვხედავთ შავი ზღვის ბლოკადის ეფექტს რუსეთის მცდელობაში, ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და შექმნას სასურსათო დაუცველობა მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში. არა სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ამიტომ მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი, ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პარტნიორები ჩვენ მიერ მხარდაჭერილი იქნებიან ამ რთულ მომენტებში“, — თქვა მირჩა ჯოანამ, რომელიც გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალურ შეხვედრას ხელმძღვანელობს.
არაფორმალურ მინისტერიალზე მიწვეულნი არიან შვედეთი და ფინეთი. უკრაინაში ომის შედეგად, ეს ორი ქვეყანა, რომელთაც ომის დროს ნეიტრალიტეტის დიდი ისტორია აქვთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას განიხილავს. ფინეთთან და შვედეთთან თანამშრომლობის გარდა, არაფორმალურ მინისტერიალზე განიხილავენ უკრაინაში რუსეთის ომის შედეგებს. საქართველო დღის წესრიგში არ ფიგურირებს.
საქართველო არ არის 19 მაისს ბრიუსელში დაგეგმილს ნატო-ს თავდაცვის ძალების მეთაურთა შეხვედრის მონაწილეებს შორისაც, სადაც მადრიდის სამიტისთვის მზადება განიხილება. მეორე სესია უკრაინაში რუსეთის ომს დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის პარტნიორი ქვეყნები — ფინეთი, შვედეთი და უკრაინა. მესამე სესია ფოკუსირებული იქნება ევროატლანტიკური ზონის შეკავებისა და თავდაცვის კონცეფციის (DDA) განხორციელებაზე, ასევე, ნატო-ს გრძელვადიან პოზიციაზე. შემდეგ თავდაცვის ძალების მეთაურები შეხვდებიან ნატო-ს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს: ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკას, რათა განიხილონ რეგიონული მოვლენები.
საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები არ აკეთებენ კომენტარს, მიწვეული იყო თუ არა საქართველო ზემოაღნიშნულ შეხვედრებში და თუ არა, რატომ?
რაზე შეთანხმდნენ რამშტაინის ბაზაზე და რატომ არ იყო იქ საქართველო
ნატოს სამიტი მადრიდში ივნისის ბოლოს გაიმართება. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, როგორც წესი, ნატოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრება.
ნატოს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში — ზალკალიანი
