ახალი ამბები

თურქეთი კვლავ მზადაა, „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროები ზღვით გაიყვანოს – კალინი

15 მაისი, 2022 • 2127
თურქეთი კვლავ მზადაა, „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროები ზღვით გაიყვანოს – კალინი

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერის, იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთის შეთავაზება „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროები ზღვით გაიყვანოს, კვლავ ძალაშია.

თუმცა, მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების ზღვით ევაკუაციის შეთავაზებას რუსეთი არ თანხმდება.

იბრაჰიმ კალინი Reuters-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მან პირადად განიხილა ეს წინადადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორი კვირის წინ კიევში და შეთავაზება კვლავ „მაგიდაზე“, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მას არ დათანხმდა.

მისი თქმით, გეგმის მიხედვით, „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული ადამიანები სახმელეთო გზით უნდა გადაიყვანათ ბერდიანსკის პორტში, რომელიც მარიუპოლის მსგავსად აზოვის ზღვაზეა და თურქული გემი მათ შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანდა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი ამბობს, გემი ჯერ კიდევ სტამბოლშია და ის მზადაა გასასვლელად, მაგრამ რუსეთისა და უკრაინული მხარის საბოლოო ნებართვას ელოდება, რომ წავიდეს ბერდიანსკში და დაშავებული ჯარისკაცები თურქეთში ჩამოიყვანოს.

„თუ შესაძლებელი იქნება ეს ამ გზით გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. ჩვენ მზად ვართ. ფაქტობრივად, ჩვენი გემი მზად არის წავიდეს და ჩამოიყვანოს დაჭრილი სამხედროები და სხვა სამოქალაქო პირები თურქეთში“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინიმ.

თურქეთმა შესთავაზა რუსეთს უკრაინელი სამხედროების მარიუპოლიდან გაყვანა და გარანტია, რომ ომის დასრულებამდე ისინი აღარ იბრძოლებენ და თურქეთში დარჩებიან. თუმცა რუსები არ დათანხმდნენ მარიუპოლის მცველების ზღვით ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანას.


ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება. მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული და  რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.

მასალების გადაბეჭდვის წესი