ხარკოვის ოლქში მდებარე იზიუმის მიმართულებით უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს.
მისი თქმით, იზიუმის მიმართულება ცხელ წერტილად რჩება, რადგან რუსეთს ამ მიმართულებით უამრავი ტექნიკა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავს კონცენტრირებული.
„იზიუმის მიმართულება ჩვენთვის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, ჩვენი შეიარაღებული ძალები იქ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მტერი ზოგიერთ რაიონში უკან იხევს – ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების ბუნების შედეგი“, – განაცხადა სინეგუბოვმა.
ამასთან, დღეს, 14 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსებს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავთ.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) 13 მაისის ანგარიშის თანახმადაც, უკრაინა იცავდა ხარკოვს და რუსებმა გადაწყვიტეს მთლიანად დაეტოვებინათ პოზიციები. მათი თქმით, უკრაინულმა ძალებმა არ მისცეს რუს ჯარებს ქალაქის ალყის შემორტყმის უფლება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ხელში ჩაგდებაზე.
„ამ გზით, როგორც ჩანს, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო“, – აცხადებს ISW.
ISW-ის თანახმად, რუსები შეეცდებიან გაატარონ ხაზი ვოლჩანსკის დასავლეთით, რათა დაიცვან თავიანთი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები (GLOC) ბელგოროდიდან იზიუმამდე, მაგრამ გაურკვეველია, მიაღწევენ თუ არა წარმატებას.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას
