ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

14 მაისი, 2022 • 1758
„ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გახსნა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფაა.

„დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს!

სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკაში ქალთა როლის გასაძლიერებლად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ კუთხით განსაკუთრებულად გენდერული კვოტების შემოღება აღნიშნა.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც თავის გამოსვლაში წინა ხელისუფლების მმართველობა გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ დროს „ქალ პოლიტიკოსის ღირსება და ქალი პოლიტიკოსი ფეხქვეშგათელილი იყო სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით“.

მისი თქმით, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, არ არსებობდა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ქალთა უფლებებს უზრუნველყოფდა, გარდა „უცხოლების ზეწოლის ქვეშ მიღებული ერთ-ორი მოკრძალებული კანონისა“.

„ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წელს ერთადერთი მამაკაცი, ვისაც სჯეროდა, რომ ქალებისთვის კვოტა აუცილებელია, რომელიც ხელს უწყობდა, რომ ქალები კანდიდატები ყოფილიყვნენ და პარტიული სია ყოფილიყო დაბალანსებული, ეს გახლდათ სწორედ ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი