ახალი ამბები

მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გაყვანაზე მიმდინარეობს – უკრაინის ვიცე-პრემიერი

14 მაისი, 2022 • 956
მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გაყვანაზე მიმდინარეობს – უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გაყვანაზე მიმდინარეობს.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში გადარჩენა მათ სჭირდებათ, რადგან რუსები ყველაფერს ერთბაშად არ ეთანხმებიან. ასე რომ, ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, რომლებიც 60 არიან“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკმა ასევე განმარტა, რომ ამ დროისთვის „აზოვსტალის“ სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.

11 მაისს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე რუსებს სთავაზობდა „აზოვსტალში“ დარჩენილი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტყვეებზე გაცვლას.

ასევე, თურქეთმა შესთავაზა რუსეთს უკრაინელი სამხედროების მარიუპოლიდან გაყვანა და გარანტია, რომ ომის დასრულებამდე ისინი აღარ იბრძოლებენ, არამედ დარჩებიან თურქეთში. თუმცა რუსები არ დათანხმდნენ მარიუპოლის დამცველების ზღვით ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანას.

რუსული ჯარები „აზოვსტალს“ თვითმფრინავების, გემების და სახმელეთო ნაწილების გამოყენებით შტურმით უტევენ.


ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალი“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარეობს, რომელიც რუსების ალყაში იმყოფება. მარიუპოლში ჯერჯერობით იბრძვის „აზოვის პოლკი“, რომელიც „აზოვსტალის“ მიწისქვეშა გვირაბებშია გამაგრებული და  რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები მათ აქტიურად უტევენ.

გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.

მასალების გადაბეჭდვის წესი