ინდოეთი ხორბლის ექსპორტს კრძალავს, რადგან უკრაინაში რუსეთის ომის გამო, მსოფლიოში ფასები იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ხორბლის ექსპორტს დაუყოვნებლივ კრძალავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტივები. ინდოეთის მთავრობა ექსპორტის ნებართვას გასცემს იმ ქვეყნებზე, რომელთა სასურსათო უსაფრთხოებაც ხორბალზეა დამოკიდებული.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის უმეტესი ნაწილი შიდა მოხმარებისაა.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური ცენტრის – Gro Intelligence-ის თანახმად, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების დაახლოებით 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.
თუმცა, ხორბლის ექსპორტი შავი ზღვის რეგიონიდან შემცირდა მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაშ შეიჭრა უკრაინაში , რის გამოც შექმნილი დეფიციტის შევსებას ინდოეთიდან ცდილობდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში ხორბალი ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა, თუმცა ბოლო წლებში დაწესებული სატარიფო პოლიტიკის გამო ქართველი მეწარმეები რუსეთიდან ხორბლის ნაცვლად, უკვე მზა ფქვილის იმპორტს ახორციელებდნენ. შედეგად, საქართველოში არსებული ხორბლის გადამამუშავებელი წისქვილების ნაწილი დაიხურა.
13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.