ახალი ამბები

უკრაინას სურს, შეაიარაღოს მილიონი ადამიანი

13 მაისი, 2022 • 3260
უკრაინას სურს, შეაიარაღოს მილიონი ადამიანი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ კიევი იმედოვნებს, მილიონი ადამანი შეაიარაღოს, რადგან  ქვეყანა რუსეთთან ომის ახალი და გრძელი ფაზისთვის ემზადება.

შესაბამისი განცხადება უკრაინელმა მინისტრმა ფეისბუკზე გაავრცელა. მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რესურსები ფრთხილად უნდა გამოიყენოს და შეცდომები არ დაუშვას.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებს, ბენ უოლესსა და ლოიდ ოსტინს, ასევე სხვა პარტნიორებს, რომლებიც კიევს სამხედრო დახმარებას უწევენ. მისი თქმით, უკრაინის მიზანია აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინისტრის თქმით, ის ფოკუსირებულია, მოიძიოს აღჭურვილობა ერთი მილიონი ადამიანისთვის, რომელიც მტერს დაუხვდება.

მისი თქმით, წინ უაღრესად რთული კვირებია მოსალოდნელი და საჭიროა “ერთიანობა, ერთსულოვნება და მოთმინება”.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დაწყების ძირითად მიზანს, უკრაინის მთავრობისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, რაც პირველ რიგში, კიევის დაკავებით იქნებოდა შესაძლებელი, საომარი სტრატეგია შეცვალა და ომის მეორე ფაზა წამოიწყო, რომლის გაცხადებული მიზანიც დონეცკსა და ლუგანსკში ტერიტორიული წინსვლაა. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული. სამოქალაქო პირები, რომლებიც ჯერ ომში არ ჩართულან, ამჟამად საბრძოლო მოქმედებებში წვრთნებს გადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი