ახალი ამბები

„რუსეთი უკრაინაში მარცხდება“ – ჩინეთის ყოფილი ელჩი

12 მაისი, 2022 •
„რუსეთი უკრაინაში მარცხდება“ – ჩინეთის ყოფილი ელჩი

ჩინეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში, გაო იუშენგი აცხადებს, რომ რუსეთი ფედერაცია უკრაინაში მარცხდება, რამაც შესაძლოა, წყალი შეუყენოს მის „უძლიერესი სახელმწიფოს“ სტატუსს.

გაო იუშენგის, რომელიც უკრაინაში ჩინეთის ელჩის პოსტს 2005-2007 წლებში იკავებდა, ჩინეთის მთავრობასთან ამჟამად კავშირი არა აქვს და არის ექსპერტი ცენტრალური აზიის საკითხებში.

უკრაინისა და რუსეთის შესახებ უკრაინისთვის ოპტიმისტური კომენტარები მან გააკეთა კვლევითი ცენტრის, „სოციალური მეცნიერებების ჩინური აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ დახურულ შეხვედრაზე, რაც გავრცელდა ჩინურ მედია Phoenix News-ში, თუმცა რამდენიმე საათში წაიშალა.

გაო იუშენგი აცხადებს, რომ მოსკოვს რეალურად არასოდეს უღიარებია სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და „ხშირად ხელყოფს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

იუშენგი ამბობს, რომ „ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ვითარება ფუნდამენტურად შეიცვალა. ქვეყანა გაერთიანებულია რუსეთის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მთლიანად დაკარგა უკრაინა“.

ყოფილი დიპლომატი ასევე ამბობს, რომ კრემლი ვერ ახერხებს თანამედროვე ომის ჰიბრიდულ ფორმებზე ადაპტირებას, რაც მოიცავს „სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, პროპაგანდის, უშიშროებისა და ინფორმაციის ასპექტებსა და საზოგადოებრივ განწყობებს“.

მისი აზრით, „რუსული ბლიცკრიგის ჩავარდნა და ფაქტი, რომ რუსეთმა გამარჯვებას სწრაფად ვერ მიაღწია, რუსეთის მარცხის პირველი ნიშნებია“. ის ასევე ფიქრობს, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი რესურსები, რათა აწარმოოს „ყოველდღიურად ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიური ომი“.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკან-უკან მიიწევს და „რუსეთის საბოლოო მარცხი მხოლოდ დროის ამბავია“.

„პუტინის მმართველობის დროს რუსეთის ე.წ ხელახალი დაბადება, სიცოცხლის ხელახალი ჩანერგვა ფარსია. ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს“, – აცხადებს იგი.

გაო ვარაუდობს, რომ ომის შემდეგი ფაზა „დიდი ალბათობით უფრო სასტიკი და მძიმე“ იქნება, – რუსეთის ფედერაცია ეცდება ყირიმსა და დონბასზე კონტროლის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინელები – სრული ტერიტორიის დაბრუნებას.

„შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი გამუდმებით ადასტურებენ, რომ სურვილი აქვთ, პუტინი დაამარცხონ. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთი არ დამარცხდება და არ დაისჯება“, – თქვა მან.

შედეგად, გაო იუშენტის პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი დაკარგავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე „გავლენის სფეროს“:

„რუსეთის მარცხი გაანადგურებს ძველი იმპერიის აღდგენის ყველანაირ იმედს. უკრაინა კი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდება“.

გაოს არ გაუკეთებია კომენტარები ამ კონფლიქტში ჩინეთის პოზიციასთან დაკავშირებით.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი