კომენტარი

ჩინეთი და რუსეთის ომი უკრაინაში – BBC

24 თებერვალი, 2022 • 3787
ჩინეთი და რუსეთის ომი უკრაინაში – BBC

“უკრაინის კრიზისი ჩინეთისთვის მთავარი გამოწვევაა”, – ამ სათაურით აქვეყნებს ბიბისი სტივენ მაკდონელის სტატიას, რომელსაც ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ: 


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-მზ მოსკოვი და პეკინი „ყოვლად არალიბერალური“ მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად ძალის გაერთიანებაში დაადანაშაულა.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებლობაა ჩინეთისთვის, გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ბერკეტები, რათა უკან დაახევინოს ვლადიმერ პუტინს, ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს რუსეთსა და ჩინეთს შორის „შეუზღუდავი“ პაქტის ხელმოწერის გათვალისწინებით.

მოგიწევთ კითხოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, გამოიყენა თუ არა მან მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთის ფედერაციაზე ამ მიზნისთვის“, – აღნიშნა პრაისმა პრესკონფერენციაზე.

უკრაინა-რუსეთის კრიზისი  ჩინეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს მრავალ ფრონტზე.

კიდევ უფრო ახლო დიპლომატიური ურთიერთობების დანახვა რუსეთსა და ჩინეთს შორის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეიძლებოდა. ვლადიმერ პუტინი თამაშებს არცთუ ისე ბევრ მსოფლიო ლიდერთან ერთად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ პუტინი დაელოდა თამაშების დასრულებას და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები და გაგზავნა იქ რუსული სამხედრო ძალები.

საჯარო განცხადებებში ჩინეთის მთავრობა ყველა მხარეს უკრაინაში დეესკალაციისკენ მოუწოდებდა.

ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განიხილა სიტუაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან – აღნიშნა, რომ ვითარება „უარესდებოდა“ და გაიმეორა მოწოდება „ყველა მხარისადმი”,  გამოიჩინონ “თავშეკავება“.

თუმცა ახლა, როცა რუსეთმა უარი თქვა თავშეკავებაზე, როგორი უნდა იყოს ჩინეთის პოზიცია ესკალაციის ფონზე?

ჩინეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ის არ შეიძლება მხარს უჭერდეს ომს ევროპაში, თუმცა, ამავე დროს, სურს გააძლიეროს სტრატეგიული და სამხედრო კავშირები მოსკოვთან.

უკრაინის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. პეკინს სურს კიევთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, თუმცა ეს რთული იქნება მაშინ, როცა პეკინი მკაფიოდ ახლო კავშირშია მთავრობასთან, რომელიც თავის სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე აგზავნის.

არის შესაძლებლობა, რომ ჩინეთთან ვაჭრობას ზიანი მიადგება დასავლეთ ევროპიდან, თუ მიჩნეული იქნება, რომ პეკინი მხარს უჭერს მოსკოვის აგრესიას.

ჩინეთის ლიდერები აცხადებენ, რომ პეკინი არ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ხოლო სხვა ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ ჩინეთის შიდა საქმეებში.

თუმცა, როგორც აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, ჯონ კალვერმა დაწერა „ტვიტერზე“: „რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია და კიევში შეჭრა ან კიევის დაკავება ,ეწინააღმდეგება ჩინეთის პოზიციას, რომ სუვერენიტეტი ხელშეუხებელია“.

წერტილების შეერთება

ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ყველაზე მეტად აღელვებს, როგორი იქნება ხალხის პოზიცია და მათი მსოფლმხედველობა არსებულ ვითარებაში. ასე რომ, კომპარტია მანიპულირებს და აკონტროლებს განხილვებს უკრაინაზე სოცმედიაში და პრესაში.

მალევე დისკუსიაში ტაივანიც გაერია.

პარტია თვითმმართველ კუნძულს ამბოხებულ პროვინციად განიხილავს, რომელიც კონტინენტალურ ჩინეთთან უნდა გაერთიანდეს.

სოციალურ ქსელ „ვაიბოში“ (Weibo), „ტვიტერის“ ჩინურ ანალოგში, ჩინელი ნაციონალისტები რუსეთის აგრესიის ფონზე საკუთარ ქვეყანას მოუწოდებენ მოქმედებისკენ: „ახლა საუკეთესო შანსია ტაივანის დასაბრუნებლად!“.

ჩინეთის მთავრობა ბოლო დღეებში არ ემხრობოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, თუმცა იცოდა, რომ თავადაც გახდებოდა სანქციების ობიექტი, თუ ტაივანზე კონტროლის დამყარებას ძალის გამოყენებით შეეცდებოდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი არასდროოს მიიჩნევდა, რომ სანქციები პრობლემების მოგვარების საუკეთესო გზაა.

თუმცა, თუ ჩინეთის მოქალაქეები დააკავშირებენ წერტილებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამართლების რიტორიკაში და მას საკუთარ ქვეყანას მოარგებენ, ჩინეთის მთავრობის მიერ საკუთარი საზღვრების ახსნა, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან ადამიანებს ათავისუფლებს. მაშინ, რისი თქმა შეიძლება ეთნიკურ მონღოლებზე, ყირგიზებზე, კორეელებზე და სხვებზე, რომლებიც ახლა ჩინეთში ცხოვრობენ? კიდევ უფრო სახიფათო პეკინისთვის  ტიბეტელი უიგურები არიან: რა მოხდება, თუ ისინი კვლავ მოითხოვენ ავტონომიის გაფართოებას ან სულაც დამოუკიდებლობას?

სი ძინპინის ადმინისტრაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ მოხდეს.

ამის გათვალისწინებით, სოციალურ ქსელებში განთავსებული კომენტარებით შეგიძლიათ გაიგოთ, რა მიმართულებით მიჰყავს პარტიის მედიასაშუალებებს მოსახლეობის აზრი აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო მედიას თავისი ანგარიში აქვს „ვაიბოზე“ და აკონტროლებს გამოხმაურებებს პოსტებზე, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს ეხება.

კომენტარების განწყობა ასეთია:

  • „პუტინი მაგარია!“;
  • „მე მხარს ვუჭერ რუსეთს და აშშ-ის წინააღმდეგ ვარ. სულ ამის თქმა მინდოდა“;
  • „ამერიკას მუდმივად სურს, მსოფლიოში უწესრიგობა დათესოს!“.

ისმის ბევრი ადამიანის მოწოდება მშვიდობისკენ, მაგრამ პოსტები აშშ-ის კრიტიკით აქტიურად წინ არის წამოწეული.

რაც შეეხება ჩინელებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის ამბიციებს უკრაინაში, მათ სანახავად უნდა მოძებნოთ „ვაიბოს“ ცალკეული ანგარიშები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი პარტიული მედიის ტრენდებთან.

ერთ-ერთი მათგანი წერს: „არ მესმის, რატომ უჭერს ამდენი ადამიანი მხარს რუსეთსა და პუტინს. შეიძლება შეჭრა სამართლიანად მივიჩნიოთ? ჩვენ ომის ნებისმიერ ფორმას უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ!“.

კიდევ ერთ კომენტარში ნათქვამია: „პუტინი აღიარებს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, რაც სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში აშკარა ჩარევაა“.

პეკინს არ სურს, მოქალაქეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომლამდეც ბოლო კომენტარის ავტორი მივიდა. ასეთია არსი იმ დანაღმული ველის, რომელზეც ჩინეთის მთავრობა გადის.

თავად უკრაინაში ჩინეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდა, თავიანთ მანქანებზე ჩინეთის დროშა დაედოთ, ერთმანეთს დახმარებოდნენ და „ჩინეთის ძალა“ ეჩვენებინათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა კითხვას, არის თუ არა მიმდინარე მოვლენები უკრაინაში შეჭრა, ასე უპასუხა: „ისტორიული კონტექსტი საკმაოდ რთულია“ და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება „მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული“.

ევროპაში ახლა დიდი რყევებია. სი ძინპინმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება მისი ქვეყნის პოზიცია ამ ვითარებაში.


24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი