ახალი ამბები

UK შვედეთს და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

11 მაისი, 2022 • 1056
UK შვედეთს და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთს და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა იმოგზაურა შვედეთსა და ფინეთში და ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს.

ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონს ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა გაფორმებული დეკლარაცია ბრიტანელ სამხედროებს ადგილზე, ფინეთში. ჯონსონის თქმით, შეთანხმება ნათელია: „ის ამბობს, რომ კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთს დავეხმარებით, მათ შორის, სამხედრო დახმარებით“.

მისი თქმით, ამ დახმარების ბუნება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“.

რუსეთის მიერ ჯერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების, შემდეგ კი ფართომაშაბიანი ომის ფონზე გააქტიურდა დისკუსია ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს უახლოესი პარტნიორები არიან და თუ ისინი წევრობაზე განაცხადს შეიტანენ, შესაძლებელია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევს.

თუმცა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ცოტა ხნის თქვა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, რუსეთს მოუწევს, დასავლეთის ფლანგი უფრო დაცული გახადოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს გაფართოება არ იქნება განხილული როგორც ეგზისტენციალური საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დააფიქროს. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილი პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი თქვა, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში შვედეთი და ფინეთი რუსეთში ოფიციალურ მოწინააღმდეგეებად აღიქმებიან.

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებას სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყებენ — მედია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი