ახალი ამბები

13 მაისიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება — თსუ

11 მაისი, 2022 • 1035
13 მაისიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება — თსუ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

თსუ-ს ცნობით, შესაბამისი ცვლილება შევიდა სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ რექტორის 2021 წლის 2 აგვისტოს ბრძანებაში. რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში წარიმართება. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს დაიწყო და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს, თუმცა სტუდენტთა ნაწილმა ეს გადაწყვეტილებას გააპროტესტა. სტუდენტები რექტორისგან ითხოვდნენ ბრძანების ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გამო შემოღებული სწავლების დისტანციური მოდელი გაუქმდა და სასწავლო პროცესმა მხოლოდ აუდიტორიებში გადაინაცვლა. სტუდენტების თქმით, მათი თანაკურსელების ნაწილი, თბილისში ბინის ქირის საგრძნობლად გაძვირების ფონზე, დედაქალაქში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს და სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.

თსუ აცხადებდა, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

უშედეგოდ დასრულდა 11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რექტორის შეხვედრა. სტუდენტებმა გიორგი შარვაშიძეს ბრძანების შესაცვლელად ვადა დღეს, 18:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელება დააანონსეს.

მოგვიანებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდა განცხადება, რომლის თანახმადაც სასწავლო პროცესი 13 მაისიდან შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით წარიმართება.

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი