ახალი ამბები

სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა – დეგნანი

11 მაისი, 2022 • 995
სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა – დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 11 მაისს, განაცხადა.

„აქ მთავარი საკითხი არის ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მან მიიღოს ის მკურნალობა, რაც ესაჭიროება. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, რასაც უნდა მოჰყვეს შემდგომში მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართაც ყველას ექნება ნდობა. ამ შეფასების შემდგომ უნდა განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები. როდესაც საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, სააკაშვილი იქნება თუ სხვა, ეს არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გუშინ, 10 მაისს განაცხადა, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა მკურნალობა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ თანახმაა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადაყვანაზე, თუმცა, გარკვეული პირობებით:

  • მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს, ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიიდან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
  • სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
  • ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

იუსტიციის სამინისტრო კი სააკაშვილს მოუწოდებს, “დათქმების გარეშე” გადავიდეს “ვივამედში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი